ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

როგორ წავიკითხოთ მუსიკა და მოვისმინოთ ლიტერატურა - საჯარო ლექციათა ციკლი

განცხადებები

bookყოველ შაბათს, 18 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში (მისამართი: ქ.ჩოლოყაშვილის 3/5 (ვაკის პარკის წინ), ავსტრიული ბიბლიოთეკა) მწერალი ლაშა ბუღაძე და პროფესორი ნოდარ ლადარია ჩაატარებენ საჯარო ლექციათა ციკლს ”როგორ წავიკითხოთ მუსიკა და მოვისმინოთ ლიტერატურა”.

მყარად დამკვიდრებული აკადემიური ტრადიცია ხელოვნების ამ ორ დარგს საზიარო ტერმინოლოგიით აღწერს. საყოველთაოდ ცნობილია გამოთქმები: "ლექსის ორკესტრირება", "სიმფონიის სიუჟეტური წყობა", "მუსიკალური ტექსტი", "პოლიფონიური რომანი"...მაგრამ ეს სიახლოვე ბევრად უფრო რეალური, ღრმა და მრავალფეროვანია: ხშირად მუსიკალური და ლიტერატურული სტილები და მიმდინარეობები იკვეთება როგორც დასავლური საზოგადოების ისტორიაში, ასევე კონკრეტულ შემოქმედთა ბიოგრაფიებში. შეგვიძლია დავაკვირდეთ, როგორ იწერდა ბეთჰოვენი მუსიკალურ აზრებს სიტყვებით და როგორ ცდილობდა რიჰარდ შტრაუსი ნიცშეს ფილოსოფიური ნააზრევის აჟღერებას. მხატვრული სიტყვა და მუსიკალური ბგერა თავგანწირვით ისწრაფვიან შეხვედრისკენ და ერწყმიან კიდეც ერთმანეთს საკაცობრიო კულტურის ისეთ სინთეზურ მონაპოვარში, როგორიც არის ოპერა.

აუდიო და ვიდეო მასალით უხვად აღჭურვილი ლექციები მოგვითხრობს ლიტერატურისა და მუსიკის საერთო თავგადასავალზე, გვაცნობს, როგორ ჟღერს ლიტერატურა და როგორ აიგება მუსიკა.

ბანერები