ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რელიგიის საკითხების სოციო-პოლიტიკური და კულტურული განზომილება საქართველოში

ღონისძიებები

რელიგიის საკითხების სოციო-პოლიტიკური და კულტურული განზომილება საქართველოში

თბილისი, 14-15  ნოემბერი, 2019

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით აცხადებს განაცხადების მიღებას კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციის თემაა  „რელიგიის საკითხების სოციო-პოლიტიკური და კულტურული განზომილება საქართველოში“.

რელიგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს უახლეს ისტორიაში. რელიგია გადაჯაჭვულია მთელ რიგ პოლიტიკურ და  საზოგადოებრივ საკითხებთან, როგორებიცაა: კულტურა, განათლება, ნაციონალიზმი, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა, რელიგიის თავისუფლება და ა. შ. თანამედროვეობაში რელიგიურ სურათს ხშირად განსაზღვრავს ისტორიული გამოცდილება, პოლიტიკური პროცესები, სოციალური და კულტურული ფაქტორები. საქართველოში რელიგიური ველი მრავალფეროვანია და წარმოადგენს მდიდარი კულტურისა და ტრადიციების არსებობის წყაროს. ამიტომ  რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები მულტიპერსპექტიულ შესწავლას მოითხოვს. კონფერენცია მიზნად ისახავს, თავი მოუყაროს რელიგიის თემაზე არსებულ მეცნიერულ ცოდნას, ხელი შეუწყოს სხვადასხვა დარგში რელიგიის შესახებ მომზადებული უახლეს კვლევათა პოპულარიზაციასა და აკადემიურ სფეროში რელიგიის თემაზე დისკუსიას.

კონფერენციის მიზანია რელიგიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა სხვადასხვა დისციპლინის პერსპექტივიდან (სოციოლოგია, ანთროპოლოგია, თეოლოგია, ისტორია, პოლიტიკური მეცნიერებები, რელიგიის კვლევები, ფილოლოგია, ეთნოლოგია და ა.შ.).  

კონფერენციის მოხსენებების კრებული ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდება 2020 წლის გაზაფხულზე.

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2019 წლის 14-15 ნოემბერი.

კონფერენციის სესიები დაყოფილია ოთხი ისტორიული პერიოდის მიხედვით და არ არის შინაარსობრივად შეზღუდული. თითოეული სესიის მოხსენებების თემები შეიძლება წარმოადგენდეს რელიგიის განსხვავებული ასპექტის შესწავლის მაგალითს.

კონფერენციის სესიების ზოგადი თემატიკა:

  • რელიგიის საკითხები საქართველოში რუსეთის იმპერიის მმართველობის დროს (1801-1917 წწ) – ისტორიული მოვლენების თანამედროვე პერსპექტივა;

  • რელიგია, პირველი რესპუბლიკა და „მოდერნის გარიჟრაჟი“ სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების ზეგავლენა რელიგიის სურათზე საქართველოში;

  • რელიგია  საბჭოთა საქართველოში „რელიგიასთან ბრძოლა“, კოლაბორაციონიზმი და რელიგიურობის ფორმების ტრანსფორმაცია;

  • რელიგია და რელიგიურობა დამოუკიდებელ საქართველოში რელიგიური ველის ამბივალენტური სურათი.

გთხოვთ, აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 250 სიტყვა) გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:religion-conference2019@iliauni.edu.ge

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 30 ივლისი.

2019 წელი


ბანერები