ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქართული ენა რიტუალებსა და ყოფაში

ღონისძიებები

13 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის ჯგუფი გამართავს დისკუსიას ქართული ენის ფუნქციური განვითარების თანამედროვე გამოწვევებზე. დისკუსიის მონაწილეები განიხილავენ ქართული ენის დაცვის რიტუალურ და რეალურ პროექტებს, ისაუბრებენ იმაზე, როგორ იფართოვებს, ან თმობს ქართული ისტორიულად დაკანონებულ ფუნქციურ სფეროებს, რამდენად ხერხდება დღეს უმდიდრესი ქართული ენობრივი მემკვიდრეობის ჩართვა საერთაშორისო კულტურულ, სალიტერატურო თუ სამეცნიერო მიმოქცევაში, ან რამდენად არის დღეს ქართული ამ ქვეყნის მოქალაქეობრივი „შეჭიდულობის“ გარანტი, რამდენად სრულფასოვნად ფუნქციონირებს იგი, როგორც სახელმწიფო ენა. 

ილიაუნის პროფესორი ზაალ ანდრონიკაშვილი ისაუბრებს ქართულენოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობის საერთაშორისო რეპრეზენტაციის უნიკალურ პროექტზე, რომელიც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი და რომელსაც თავისი მასშტაბებით ანალოგი არ მოეძებნება.

ილიაუნის მკვლევრები – თამარ კალხიტაშვილი, რატი გუმაშვილი და არჩილ თაბუკაშვილი ­– განსახილველად წარმოადგენენ საქართველოში დაცული უძველესი ქართული, ბერძნული, არამეული, ებრაული ენობრივი მემკვიდრეობის საერთაშორისო სამეცნიერო და კულტურულ სადისკუსიო სივრცეში, სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვისთვის უმნიშვნელოვანეს ციფრულ პროექტებს.

ილიაუნის სტუდენტები, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის კვლევითი ჯგუფის წევრები, მარგარიტა ავაკიანი და საიდ ჰუსეინოვი ისაუბრებენ იმაზე, როგორ იქმნება დღეს საქართველოს ციფრული ისტორიის პროექტები და როგორ მუშაობენ ისინი ამ ისტორიაში არაქართულენოვანი მოსახლეობის მიერ შეტანილი წვლილის დოკუმენტირებაზე.

დისკუსიის მოდერატორი: ნინო დობორჯგინიძე

დრო: 13 აპრილი, 17 საათი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი 32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 


ბანერები