ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ თომას ჰილანდ ერიქსენის საჯარო ლექცია და წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

23 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორის, ანთროპოლოგ თომას ჰილანდ ერიქსენის საჯარო ლექცია ''Why Anthropology Matters More than Ever“.

ლექციის ფარგლებში ასევე გაიმართება ერიქსენის წიგნის „მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები: შესავალი სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში" ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია.

წიგნის წარმდგენები და ლექციის მოდერატორები არიან პროფესორი თამთა ხალვაში და დოქტორი რუსლან ბარამიძე.

თემის მოკლე აღწერა

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ანთროპოლოგები ძირითადად სწავლობენ ეგზოტიკურ ტრადიციებსა და შორეულ ხალხებს. თუმცა თანამედროვე ანთროპოლოგები ყველაფერს სწავლობენ, დაწყებული საკონტეინერო გემებით, დასრულებული მობილური ტელეფონებით, პოპულისტური მოძრაობებითა და სადღესასწაულო წეს-ჩვეულებებით. ანთროპოლოგია გვთავაზობს ცოდნის უნიკალურ ფორმას, რომელიც დაფუძნებულია ადამიანების, პრობლემებისა და ადგილების ღრმა წვდომაზე, რაც მნიშვნელოვანია იმ სამყაროს შესასწავლად, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს ლექცია გვიჩვენებს, თუ რა საინტერესო კვლევები ტარდება დღეს ანთროპოლოგიაში და დაგვანახვებს ამ კვლევების მნიშვნელობას.

მომხსენებლის შესახებ

თომას ჰილანდ ერიქსენი ოსლოს უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის დეპარტამენტის პროფესორია. 2015-2016 წლებში ერიქსენი იყო ევროპის სოციალურ ანთროპოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. დღემდე ის ნორვეგიის სამეცნიერო აკადემიის წევრია. ერიქსენის საქმიანობა ძირითადად მიმართულია სოციალური ანთროპოლოგიის, როგორც დისციპლინის, პოპულარიზაციისკენ, კულტურული რელატივიზმის იდეების წინ წამოწევისა და ნორვეგიული ნაციონალიზმის კრიტიკისკენ. მისი წიგნი „მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები: შესავალი სოციალურ და კულტურულ ანთროპლოგიაში" მრავალ ენაზეა ნათარგმნი და სამაგიდო სახელმძღვანელოა ანთროპოლოგიის შესწავლით დაინტერესებული ადამიანებისთვის.


დრო: 23 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები