ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია: „გრავიტაციულ ტალღებში „დანახული“ სამყარო“

ღონისძიებები

27 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი გამართავს საჯარო ლექციას  თემაზე: „გრავიტაციულ ტალღებში „დანახული“ სამყარო“.

მომხსენებელი ისაუბრებს სამყაროს დაბადებაზე, განიხილავს ფილოსოფიურ საკითხებს – რა არის დრო და რა არის სივრცე, ასევე შეეხება მომავლის ტექნოლოგიებს.

თემის მოკლე აღწერა

კოსმოსის შესწავლა დედამიწის ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია: სამყაროს დაბადების, სტრუქტურისა და ევოლუციის კვლევა საუკუნეთა მანძილზე მიმდინარეობს. თუმცა კაცობრიობა 2015 წლამდე სამყაროს აკვირდებოდა მხოლოდ ელექტრომაგნიტური ტალღების მეშვეობით – დაწყებული რადიო და დამთავრებული გამა დიაპაზონით, ხილული და მიკროტალღოვანი თუ ინფრაწითელი და რენტგენული ტალღების ჩათვლით. 2015 წელს, აინშტაინის მიერ ზოგადი ფარდობითობის თეორიის ფორმულირების 100 წლისთავზე, სამყაროს შესწავლაში ახალი ეპოქა დაიწყო: მოხდა გრავიტაციული ტალღების (თავად სივრცე დროის რხევის) პირდაპირი დეტექტირება LIGO-VIRGO კოლაბორაციების მიერ. ეს ტალღები წარმოიქმნა რამდენიმე ათეული მზის მასის ორი შავი ხვრელის დაჯახების შედეგად. დღეისთვის უკვე რამდენიმე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. გრავიტაციული ტალღისთვის ადრეული სამყაროს ზე-ცხელი და ზე-მკვრივი პირველადი პლაზმა ისევე გამჭირვალეა, როგორც გაიშვიათებული დღევანდელი კოსმოსის გარემო. ამიტომაც თუკი ელექტრომაგნიტური ტალღებით ჩვენი „ხედვა“ შეზღუდულია ამ ელექტრომაგნიტური ტალღების მატერიასთან ურთიერთქმედების ე. წ. ბოლო გაბნევის ზედაპირით (last scattering surface), რასაც ადგილი ჰქონდა 380 ათასი წლის ასაკის სამყაროში (დღეისთვის სამყაროს ასაკი 14 მილიარდს წელს უახლოვდება), გრავიტაციული ტალღები მეცნიერებს საშუალებას მისცემს, დაინახონ არამცთუ ადრეული სამყარო, არამედ თავად სამყაროს დაბადებაც.

მომხსენებელი ისაუბრებს კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის შესახებ (რომელიც 380 ათასი წლის ჩვილი სამყაროს რელიქტია) და კოსმოლოგიურ გრავიტაციულ ტალღებზე, რომლებიც ამ ფონზე თავიანთ ანაბეჭდს ტოვებენ. ასევე ისაუბრებს წამზე ნაკლები ჩვილი სამყაროს გრავიტაციულ ტალღებში ასახული სურათის აღგენაზე, ბოლოს იმაზეც, როგორ შეიძლება ამ პირველადი გრავიტაციული ტალღების დეტექტირება თანამგზავრული ლაზერული და ატომური ინტერფერომეტრების მეშვეობით. 

დრო: 27 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები