ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია „ფარული სამყარო: უხილავი მატერია და ენერგია"

17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ფარული სამყარო: უხილავი მატერია და ენერგია". 

თემის მოკლე აღწერა

სამყაროს შემსწავლელი მეცნიერება დღეს ოქროს ხანაშია – სხვადასხვა სახის ასტრონომიული დაკვირვებები ხორციელდება 1% ან უფრო დიდი სიზუსტითაც. აკვირდებიან როგორც დედამიწიდან, ასევე თანამგზავრების მეშვეობით. რამდენიმე წლის წინ გრავიტაციული ტალღების აღმოჩენით ასტრონომიაში ახალი ეპოქა დაიწყო  და უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ არა მარტო ოპტიკურ, ინფრაწითელ, რადიო, გამმა სხივების, არამედ გრავიტაციული ტალღების ასტრონიმიაზე. დაკვირვებების ბაზაზე, რომლებზეც მომხსენებელი ისაუბრებს, , საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ სამყაროს 95% არსებობს ფარული, უხილავი მატერიისა და უხილავი ენერგიის ფორმით. მოხსენებაში საუბარი იქნება ამ ჩვენთვის უცნობი სუბსტანციების შესახებ.   

მომხსენებლის შესახებ

თინათინ კახნიაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით. სადიპლომო ნაშრომი „გრავიტაციული არამდგრადობის ყალიბრულად ინვარიანტული თეორია“ ვლადიმერ ლუკაშის ხელმძღვანელობით დაიცვა კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში (მოსკოვი, რუსეთი); 1984 წელს სწავლა განაგრძო კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „გრავიტაციული არამდგრადობის განვითარება ადრეულ სამყაროში“.

1988 წლიდან მუშაობს ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში.

1999 წელს ლებედევის სახ. ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილებაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რელიქტური ფონის ფორმირება და სამყაროს მსხვილმასშტაბოვანი სტრუქტურა“ და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2002 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოზე და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

მუშაობდა მეცნიერ-მკვლევრად საერთაშორისო ცენტრებში (ICTP & SISSA, Italy, CCPP, NYU) და მოწვეულ პროფესორად აშშ-ის, კანადისა და ევროპის უნივერსიტეტებში (Rutgers, Kansas State University, Carnegie Mellon University, Geneva University, Laurentian University).

2008 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ასოცირებულ პროფესორად, 2011 წლიდან კი – პროფესორად.

დრო: 17 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

ბანერები