ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ მერაბ სვანაძის მონოგრაფიის „პოტენციალთა მეთოდი მრავალგვარი ფოროვნობის მქონე გარემოს მათემატიკურ თეორიებში“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

24 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის პროფესორ მერაბ სვანაძის მონოგრაფიის „პოტენციალთა მეთოდი მრავალგვარი ფოროვნობის მქონე გარემოს მათემატიკურ თეორიებში“ (Potential Method in Mathematical Theories of Multi-Porosity Media) პრეზენტაცია.

მონოგრაფიაში პოტენციალთა მეთოდის გამოყენებით გამოკვლეულია დრეკადობისა და თერმოდრეკადობის მათემატიკური თეორიების სივრცითი ამოცანები ოთხგვარი ფოროვნობის მქონე მასალებისათვის. მიღებული შედეგები იძლევა მექანიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემის შესწავლის შესაძლებლობას.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ოთხგვარი ფოროვნობის მქონე მასალების დრეკადობის წრფივი თეორიის სივრცით ამოცანებს. ამ თეორიის მდგრადი რხევის, ფსევდორხევის, სტატიკისა და კვაზისტატიკის განტოლებათა სისტემებისათვის აგებულია ფუნდამენტური ამონახსნები, მიღებულია გალიორკინის ტიპის წარმოდგენები და დადგენილია გრინის იგივეობები. პოტენციალთა თეორიისა და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის გამოყენებით დამტკიცებულია კლასიკური ამონახსნების არსებობისა და ერთადერთობის თეორემები. გამოცემის მეორე ნაწილში ანალოგიური ფორმატით გამოკვლეულია ოთხგვარი ფოროვნობის მქონე მასალების თერმოდრეკადობის წრფივი თეორიის სივრცითი ამოცანები. დასკვნით თავში მომავალი კვლევებისათვის მოყვანილია თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის მრავალი ღია პრობლემა, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია მონოგრაფიაში მიღებული შედეგების საფუძველზე.
წიგნში მოყვანილი ყველა შედეგი სამეცნიერო თვალსაზრისით ახალია და ადრე არ გამოქვეყნებულა. ის საინტერესო იქნება მათემატიკის, მექანიკისა და ინჟინერიის სპეციალობის მეცნიერთათვის.

დრო: 24 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები