ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ მარიო კაარტინენის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

12 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში  ტურკუს უნივერსიტეტის (ფინეთი) კულტურული ისტორიის პროფესორი მარიო კაარტინენის (Marjo Kaartinen) წაიკითხავს  საჯარო ლექციას კიბოს განკურნების მეთოდების განვითარების ისტორიის შესახებ.

„ტრაქტატი კიბოს შესახებ“ (ავტორი ჰენრი ფეარონი) ინგლისურ ენაზე 1790 წელს  შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული მოდერნისტული ეპოქის ექიმები და ქირურგები დაუღალავად და დიდი მონდომებით ცდილობდნენ კიბოს საწინააღმდეგო საშუალებისთვის მიეგნოთ და შეჭირვებულ პაციენტებს რამენაირად  დახმარებოდნენ, კიბო ამ პერიოდში „განუკურნებელ დაავადებად“ ითვლებოდა. მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კიბოს განკურნების მეთოდების განვითარების ისტორიას: მე-17 საუკუნეში უკვე აქტიურად გამოიყენებოდა „საწამლავები“, მე-18 საუკუნე კი ქირურგიის განვითარების პერიოდი იყო; ის აკადემიური მედიცინის დარგი ხდება და, შესაბამისად, ახალი ეპოქა იწყება კიბოს მკურნალობის თვალსაზრისითაც. ეს განსაკუთრებით ეხება მკერდის კიბოს, სადაც ქირურგიული ჩარევის რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, რომელთა მიმართებაშიც მომხსენებელი იყენებს/ამკვიდრებს ტერმინს „ადრეული რადიკალური მასტეკტომია“. ლექციაზე  გამოყენებული იქნება სხვადასხვა ოპტიკური მასალაც.

მომხსენებლის შესახებ

პროფესორი მარიო კაარტინენის  სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ადრეული მოდერნიზმის კულტურული ისტორიის ასპექტებს, გენდერულ კვლევებს, რელიგიისა და სხეულის ისტორიასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დიგიტალიზაციის ფარგლებში ამჟამად იგი ხელმძღვანელობს პროექტს ლათინური ტექსტების ავტორთა შესახებ. მისი ინგლისურენოვანი მონოგრაფიებია „რელიგიური ცხოვრება და ინგლისური კულტურა რეფორმაციის დროს“ (Palgrave 2002) და „მკერდის კიბო მე-18 საუკუნეში“ (Pickering and Chatto 2013).   

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 12 ივნისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: აუდიტორია A 101 (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2018

ბანერები