ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ მარიანე შაგის საჯარო ლექცია: “წმინდა მარტინე ტურელი და მეუდაბნოე მამები: გვიანანტიკური სამონასტრო გაჯიბრება”

ღონისძიებები

27 ოქტომბერს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 301 აუდიტორიაში ჩატარდება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (Central European University, Budapest) და ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის (Eötvös Loránd University) ასოცირებული პროფესორის, მარიანე შაგის, საჯარო ლექცია თემაზე: “წმინდა მარტინე ტურელი და მეუდაბნოე მამები: გვიანანტიკური სამონასტრო გაჯიბრება”.

პროფესორის შესახებ:
აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მარიანე შაგის კვლევები ინტერდისციპლინარულია და მოიცავს ლათინურენოვანი დასავლეთის რელიგიურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ისტორიას გვიან ანტიკურობასა და შუა საუკუნეებში. 1999-2003 წლებში იგი იყო უნგრეთის კულტურული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი პარიზში. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს პარიზის, პუატიეს, ტურის (საფრანგეთი), ტურკუს (ფინეთი) და ვარშავის (პოლონეთი) უნივერსიტეტებში; არის საზაფხულო სკოლის ორგანიზატორი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტსა და რომის უნგრულ აკადემიაში; უნგრეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული ფრანკოის (Fraknói) პრემიის 2006 წლის ლაურეატი; უნგრეთის პატრისტიკული ასოციაციის ფუძემდებელი და ნაციონალური კორესპონდენტი; აგრეთვე Lectio Divina (Bakonybél Saint Mauritius Abbey- L’Harmattan Budapest) სერიის რედაქტორი და Hungarian Historical Review-სა და Communio International Catholic Review-ს სარედაქციო საბჭოს წევრი.
მარიანე შაგის გამოცემული აქვს მონოგრაფიები: Martyrs and Poems: The Cult of the Saints in Rome under Damasus, A. D. 366-384 [მოწამენი და პოემები: წმინდანთა კულტი დამასის დროს (366-384)] და Saint Martin of Tours: Asceticism and Power in Late Antiquity [წმინდა მარტინე ტურელი: ასკეტიზმი და ძალაუფლება შუა საუკუნეებში].

ლექციის შესახებ:
ასკეტთა შორის გაჯიბრება არ იყოს ახალი გვიან ანტიკურ პერიოდში არც ეგვიპტური უდაბნოსთვის, არც კაპადოკიისათვის და არც რომაული საგვარეულო მონასტრებისა თუ განათლებული ქრისტიანულ ელიტისათვის, რომლის წიაღშიაც მოხდა ასკეტ გმირთა – მაგ., ანტონი ეგვიპტელის, პავლე თებელისა თუ მარტინე ტურელის – გასაოცარი ღვაწლის დაფიქსირება და შემდგომი გავრცელება რომის იმპერიაში. თავისებურებით ხასიათდება ლათინური მონასტიციზმის დაფუძნების შესახებ ტექსტებში ასახული გაჯიბრება დასავლელ და აღმოსავლელ ასკეტთა შორის.
ლექციაში განხილული იქნება მონასტიკური გაჯიბრების კომპლექსური სტრატეგიების ძირითადი მაგალითის – სულპიციუს სევერუსის (Sulpicius Severus; 363-420 წწ.) ნაშრომის, ”დიალოგები მარტინეს სათნოების შესახებ” (Gallus, or Dialogues on the Virtues of Martin) – ლიტერატურული ამბიციები და ქვეტექსტი.
ეს ნაშრომი მიზნად ისახავს, თვალნათლივ წარმოაჩინოს გალების მონასტიციზმის უპირატესობა ეგვიპტურ მონასტიციზმზე. სულპიციუსი არა მხოლოდ ათავსებს გალიას ერთ რიგში კაპადოკიასთან, ჩრდილოეთ იტალიასთან, პალესტინასა და ეგვიპტესთან, როგორც კიდევ ერთ რეგიონს, სადაც უდაბნო ზეციურ ქალაქად გადაიქცა, არამედ სახავს გალიას, როგორც მოდელს აღმოსავლეთის ასკეტთათვის, რომლებიც რჩევას დასავლეთის ასკეტებს ეკითხებიან. ტექსტის თანახმად, უდაბნოში მამები მხოლოდ ერთ წიგნს, სულპიციუსის ”მარტინეს ცხოვრებას” კითხულობდნენ და ავტორს ხმამაღლა ევედრებოდნენ გაგრძელების დაწერას!
Gallus-ში წმინდა მარტინე არა მხოლოდ პლატონს აღემატება სიბრძნით და კიპრიანეს მარტვილობის სურვილით, არამედ მისი ასკეტიკური სწრაფვაც აღემატება ანტონისა და პახომის სწრაფვას, მიუხედავად მისი გარკვეულწილად „დარღვეული“ საეპისკოპოსო ცხოვრების წესისა. არანაკლები თავგადადებით სულპიციუსი ცდილობს წარმოადგინოს საკუთარი თავი, როგორც ახალი ყაიდის ქრისტიანი მწერალი, რომელიც პირად თუ საეკლესიო მიღწევათაგან დამოუკიდებლად ასრულებს ასკეტური ქარიზმის ავტორიტატული მედიატორის როლს. მეუდაბნოე მამათა მხარდაჭერა ვრცელდება არა მხოლოდ მარტენეზე, არამედ სულპიციუსზეც, ვინაიდან სწორედ მის მიერ მარტინეს შესახებ დაწერილი მტკიცებულებაა მოთხოვნადი. რა დასკვნების გამოტანა შეიძლება კონკრეტული ჰაგიოგრაფიული ტექსტის წმინდა სტატუსისა და, ზოგადად, სამონასტრო წიგნიერების შესახებ? სწორედ ამ საკითხის გაშუქებას ისახავს ლექცია მიზნად.

დრო: 27 ოქტომბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 301 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

ბანერები