ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ჟორჟ ნივას საჯარო ლექცია: „რას გვეუბნება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი?“

ღონისძიებები

1-ლ ოქტომბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ ფრანგი პროფესორის, ჟორჟ ნივას საჯარო ლექციაზე: Que nous dit l’incendie de Notre-Dame-de-Paris? –რას გვეუბნება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი?

მომხსენებლის შესახებ

ჟენევის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, სლავისტი, მთარგმნელი და აზროვნების ისტორიის სპეციალისტი ჟორჟ ნივა, ჟენევის ევროპის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ჟენევის საერთაშორისო შეხვედრების საპატიო პრეზიდენტი, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა და კიევის მოჰილას უნივერსიტეტის დოქტორი „ონორის კაუზაა“. მას ეკუთვნის რუსეთის კულტურაზე შექმნილი ტრილოგია: რუსული მითის დასასრულისკენ (1982), რუსეთი-ევროპა, განხეთქილების დასასრული (1993) და იცხოვრო რუსულად (2007). მეცნიეროს შრომების ერთი ნაწილი ეძღვნება რუსული სიმბოლიზმის წარმომადგენლებს; თარგმნილი აქვს ანდრეი ბელის პეტერბურგი და ალექსანდრ ბლოკის თორმეტნი. ჟორჟ ნივა არის ალექსანდრ სოლჟენიცინის სპეციალისტი და მთარგმნელი. მას რამდენიმე ნაშრომიც მიუძღვნა, რომელთაგან ბოლო, სოლჟენიცინის ფენომენი, რუსულად, პოლონურად და ჩინურად ითარგმნა. მეცნიერს ეკუთვნის აგრეთვე რუსეთის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოკვლევები: სამი რუსული ეპოქა და მოგზაურობის ჩანაწერები და ა.შ.; ჟორჟ ნივა გამოფენების კომისარია მარტენ-ბოდმერის მუზეუმსა (ჟენევა) და საფრანგეთის ინსტიტუტში (პარიზი). თანამშრომლობს ისეთ ფრანგულ ჟურნალებში, როგორებიცაა: Le Débat, Esprit, le Messager orthodoxe და რუსეთში – Znamia, Zvezda, Kontinent.  თანაავტორია ექვსტომეულისა რუსული ლიტერატურის ისტორია (პარიზი, გამომცემლობა Fayard). მისი ბოლო ნაშრომია რუსული მეხსიერების ძეგლები, რომლის მეორე ტომი – რუსული მეხსიერების ისტორია 2019 წლის ნოემბერში უნდა გამოვიდეს.

სამუშაო ენა: ფრანგული (თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება) 

დრო: 1-ლი ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრებია თავისუფალია.

ბანერები