ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ელის უოტერსტონის საჯარო ლექცია „ბნელ დროში: სოციალურად აქტიური მეცნიერების ძალა და დაპირება“

ღონისძიებები

6 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დოქტორ ელის უოტერსტონის საჯარო ლექცია „ბნელ დროში: სოციალურად აქტიური მეცნიერების ძალა და დაპირება“.

მომხსნებელი ისაუბრებს დღევანდელ პოლიტიკურად დაძაბულ კონტექსტში თანამედროვე კრიტიკული მეცნიერების შესაძლებლობების შესახებ. აშშ-ის პერსპექტივიდან განიხილავს მოძრაობას, რომელიც მეცნიერების კრიტიკულად გამოყენებისა და საჯარო ცხოვრებაში ჩართვისკენაა მიმართული და მეცნიერებაში ხედავს თანამედროვე სამყაროში საყოველთაოდ გავრცელებულ ძალადობასთან დაპირისპირებისა და მდგომარეობის გარდაქმნის საშუალებას.

მომხსენებლის შესახებ

ელის უოტერსტონი არის კულტურის ანთროპოლოგიისა და გენდერის მკვლევარი. ის სწავლობს სტრუქტურული და სისტემური ძალადობისა და უთანასწორობის შედეგებს. მეცნიერის კვლევის საგანია სიღარიბე აშშ-ის დიდ ქალაქებში და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის საკითხები: გაღატაკება, უსახლკარობა, ნივთიერებების გამოყენება, ჯანმრთელობა, სოციალური დახმარება, მიგრაცია და სხვ. მისი ბოლო პროექტი ფოკუსირებულია პოლიტიკური ძალადობის, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტის, იძულებითი გადაადგილებისა და ტრანსნაციონალიზმის, ხსოვნის, დიასპორის, კულტურული ტრავმისა და იდენტობის ფორმირების კულტურათაშორის კვლევაზე.

პროფესორი უოტერსტონი იყო ღია საზოგადოების ინსტიტუტის საერთაშორისო მკვლევარი (2012-2015) და რედაქტორი (მაია ბარქაიასთან ერთად) წიგნისა „გენდერი საქართველოში: ფემინისტური პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში კულტურის, ერის და ისტორიის შესახებ“ (Gender in Georgia: Feminist Perspectives on Culture, Nation and History in the South Caucasus, Berghahn Books: 2017). ის არის ექვსი წიგნის ავტორი, მათ შორისაა: „მამაჩემი ომები: საუკუნის მიგრაცია, მეხსიერება და ძალადობა“, ინტიმური ეთნოგრაფია ინოვაციური ეთნოგრაფიების რუთლიჯის სერიაში (My Father’s Wars: Migration, Memory and the Violence of a Century an intimate ethnography in the Routledge Series on Innovative Ethnographies) და „სიყვარული, მწუხარება და მრისხანება“, ქალაქ ნიუ იორკში ქალებისა და უსახლკარობის კვლევა (Love, Sorrow and Rage).

პროფესორი უოტერსტონი არის ჯონ ჯეის კოლეჯის ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრი და ჯონ ჯეის კოლეჯ ვერას სასტიპენდიო პროგრამის თანადირექტორი.

2015-2017 წლებში ელის უოტერსტონი იყო ამერიკის ანთროპოლოგიური ასოციაციის (AAA) პრეზიდენტი. ასევე რედაქტორი სამეცნიერო ჟურნალისა „ჩრდილოამერიკული დიალოგი“ (North American Dialogue) და დამფუძნებელი რედაქტორი ამერიკის ანთროპოლოგიური ასოციაციის საჯარო ჟურნალისა „ღია ანთროპოლოგია“ (Open Anthropology). ამჟამად ის მხატვარ-ანთროპოლოგ შარლოტ ჰოლანდსთან ერთად მუშაობს გრაფიკული დოკუმენტური წიგნის შექმნაზე, რომელიც დაფუძნებულია მის 2017 წლის საპრეზიდენტო მიმართვაზე „ოთხი ამბავი, გლოვა და დასტური“ (Four Stories, A Lament, and an Affirmation).

ელის უოტერსტონს აქვს კულტურის ანთროპოლოგიის დოქტორის ხარისხი ნიუ იორკის ქალაქის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამიდან და ანთროპოლოგიის მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან.

ლექცია დასრულდება ელის უოტერსტონისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობის მინიჭების ცერემონიით.

დრო: 6 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები