ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ბორის დროზდეკის საჯარო ლექცია - მოგზაურობა ჯგუფური ჩარევების სამყაროში: კლინიკური და სათემო მიდგომები მასობრივი ძალადობის მსხვერპლთა/გადარჩენილთა დასახმარებლად

ღონისძიებები

30 სექტემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ჰოლანდიელი ფსიქოტრავმატოლოგი, პროფესორი ბორის დროზდეკი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: მოგზაურობა ჯგუფური ჩარევების სამყაროში: კლინიკური და სათემო მიდგომები მასობრივი ძალადობის მსხვერპლთა/გადარჩენილთა დასახმარებლად

ლექცია შეეხება ჯგუფური თერაპიის/ინტერვენციის სხვადასხვა ფორმას, რომლებიც შემუშავდა და განვითარდა მასიური ძალადობის მსხვერპლთა (ომი, წამება და ა.შ) დასახმარებლად. ბატონი ბორის დროზდეკი აუდიტორიას წარუდგენს საკუთარი ოცწლიანი გამოცდილების შედეგებს სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში (ხორვატია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, საქართველო, რუანდა, ჰოლანდია) და მიმოიხილავს როგორც კლინიკურ, ასევე თემზე დაფუძნებულ ჯგუფურ ჩარევებს.
ჯგუფური ჩარევის წარმოდგენილი მოდელი გამოიყენება ბატონი დროზდეკისა და მისი გუნდის მიერ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში. ეს არის ფაზებად სტრუქტურირებული, ტრავმაზე ფოკუსირებული მიდგომა, რომელიც ჯგუფურ ფსიქოთერაპიას აერთიანებს ისეთ არავერბალურ თერაპიებთან, როგორებიცაა ფსიქომოტორული თერაპია, არტ-თერაპია, მუსიკა-თერაპია და სხვ. ამგვარი ჩარევა ხორციელდება დღის ცენტრში და გრძელდება 1 წლის განმავლობაში. მიდგომა არ შემოიფარგლება პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და სხვა თანმხლები დაავადებების მკურნალობით; ის ასევე მოიცავს შერყეული საბაზო რწმენების, დანაშაულისა და სირცხვილის განცდების, გლოვის, და ადგილნაცვალობასთან დაკავშირებული სხვა ოჯახური და სისტემური  პრობლემების გაცნობიერებასა და მათ გადალახვაზე მუშაობას. გარდა კლინიკური გამოცდილებისა, ლექციაზე განხილული იქნება აღწერილი ჩარევის ეფექტურობის გაზომვაზე მიმართული კვლევის შედეგები.

მომხსენებლის შესახებ
ბორის დროზდეკი (MD, PhD) პროფესიით ფსიქიატრია და ნიდერლანდების ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოტრავმის ცენტრის სამედიცინო დირექტორია (Psychotrauma Centrum Zuid Nederland/Reinier van Arkel in Den Bosch, The Netherlands). რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ფსიქოტრავმატოლოგიის და ტრანსკულტურალური ფსიქიატრიის სფეროში, ატარებს ლექციებსა და ვორკშოპებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ჯონ ვილსონთან ერთად, რედაქტორია ორი საყოველთაოდ აღიარებული წიგნისა: „დამსხვრეული სულები - ტრავმირებული ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების წამებისა და ომის მსხვერპლების მკურნალობა“ ( Broken Spirits: Treatment of traumatized asylum seekers and refugees - war and torture victims (Brunner-Routledge, 2004) და „ტრავმის ხმები - მსხვერპლთა მკურნალობა სხვადასხვა კულტურაში“   Voices of Trauma: Treating Survivors Across Cultures (Springer, 2007). ბატონი დროზდეკი ამავე დროს არის ფსიქოტრავმატოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის დირექტორი (დუბროვნიკი ხორვატია); წამების მსხვერპლთა საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (International Rehabilitation Council for Torture Victims); ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო კომიტეტის წევრი (International Society for Health and Human Rights) ნიდერლანდური ფსიქოტრავმის საზოგადოების გამგეობის ყოფილი წევრი; ევროპული ფსიქოტრავმის საზოგადოების წევრი; ამერიკულ ფსიქიატრთა ასოციაციის წევრი.

დრო: 30 სექტემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები