ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ არნოლდ ჰანსლმაიერის საჯარო ლექცია: „ნათელი და ბნელი სამყარო“

ღონისძიებები

22 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება გრაცის კარლ-ფრანცენის უნივერსიტეტის (Karl-Franzens-Universität Graz, Austria) პროფესორ არნოლდ ჰანსლმაიერის (Arnold Hanslmeier) საჯარო ლექცია და ასტრონომიის სახელმძღვანელოსა და სამეცნიერო-პოპულარული წიგნების პრეზენტაცია. ეს წიგნები საჩუქრად გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. 

ლექციის თემა: ნათელი და ბნელი სამყარო

რა არის თანამედროვე ასტროფიზიკის აღმოჩენები? რაზე შეგვიძლია დაკვირვება და რაზე – არა? სამყარომ, კოსმოსმა ყველა უძველესი კულტურა მოხიბლა და ინტერესით აღავსო. დღეს შეგვიძლია სამყაროში ჩვენს ადგილთან, ვარსკვლავების მანძილთან, ვარსკვლავურ ევოლუციასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი გავცეთ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს სხვა ვარსკვლავების გარშემო პლანეტებიცა და მატერიაც კი, რომელსაც, სავარაუდოდ, არ აქვს კონტაქტი დანარჩენ სამყაროსთან. ლექცია წარმოგიდგენთ, რამდენად საინტერესო და აღმაფრთოვანებელი შეიძლება იყოს თანამედროვე ასტროფიზიკა და როგორ აღწევენ ასტროფიზიკოსები შედეგებს. გაჩნდა ბევრი ახალი კითხვაც, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია: მარტო ვართ ამ სამყაროში?

მომხსენებლის შესახებ

არნოლდ ჰანსლმაიერი 2005 წლიდან არის კომპიუტერული ასტროფიზიკის სრული პროფესორი გრაცის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტში (ავსტრია); ამავე ინსტიტუტის ასტროფიზიკის განყოფილების უფროსი, ასევე ასტრონომიის ინსტიტუტისა და ფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი უფროსი; სხვადასხვა დროს მუშაობდა: კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტში; გახლდათ მიწვეული მეცნიერი კიპენჰიუერის ინსტიტუტსა და ევროპის კოსმოსური კვლევებისა და ტექნოლოგიის ცენტრში (ESTEC) (ნიდერლანდები). კვლევის ფარგლებში ესტუმრა სლოვაკეთსა და ხორვატიას, ასევე – ინდოეთის ეროვნულ ობსერვატორიას, ბანგალორსა და ჩიკაგოს უნივერსიტეტს; როგორც მიწვეული ლექტორი, ატარებდა ლექციებს ჰარვარდის უნივერსიტეტში; მას ეკუთვნის 400-ზე მეტი ჩანაწერი აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოსა (NASA)და ასტროფიზიკის მონაცემთა სისტემაში (ADS), 215 რეფერირებული პუბლიკაცია; არის ასტროფიზიკის 8 სახელმძღვანელოსა და 12 პოპულარული სამეცნიერო წიგნის ავტორი. არნოლდ ჰანსლმაიერის კვლევის სფეროებია: მზის ფიზიკა – მაღალი რეზოლუციის მზის ფიზიკა, ფოტოსფერო, კონვექცია, დინამიკა, ქვემო ქრომოსფერო, შოკის გავრცელება, მზის ციკლი, მზე, როგორც ვარსკვლავი; ფიზიკა – არაწრფივი დინამიკა, საერთო ფარდობითობის თეორია; ასტრობიოლოგია – ექსტრასოლარული პლანეტები, სოლარული ანალოგები; ექსტრაგალაქტიკური ასტროფიზიკა – კვაზარი და გრავიტაციული ლინზა, შავი მატერია და საერთო ფარდობითობა.

სამუშაო ენა: ინგლისური

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დრო: 22 სექტემბერი, 18:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

 

 

ბანერები