ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ანდრია როგავას საჯარო ლექცია: „ექსტრატერესტრიალური სიცოცხლე, ცნობიერება და ფერმის პარადოქსი“

ღონისძიებები

28 მარტს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში პროფესორი ანდრია როგავა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ექსტრატერესტრიალური სიცოცხლე, ცნობიერება და ფერმის პარადოქსი“.

მომხსენებელი ისაუბრებს სამყაროში სიცოცხლისა და არამიწიერი (ექსტრატერესტრიალური) ცნობიერების არსებობის პრობლემაზე. განიხილავს ენრიკო ფერმის პარადოქსს (თუ სამყარო სავსეა გონიერი არსებებით, სად არიან ისინი?!) და მისი გადაჭრის ყველაზე პოპულარულ გზებსა და ჰიპოთეზებს.

მომხსენებლის შესახებ 

ანდრია როგავამ 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ფიზიკური პროცესები შავი ხვრელის აკრეციული დისკის შიდა ზონაში“. ამავე წლიდან 2010 წლამდე იყო აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. 
1991-1997 წლებში ასწავლიდა თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტზე (იყო მოწვეული ლექტორი, შემდეგ – დოცენტი). 1995-1996 წლებში იყო თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (იტალია) პლაზმის ფიზიკის ჯგუფის მკვლევარი, 1997-2010 წლებში – ამავე ცენტრის ჯერ ახალგაზრდა, შემდეგ კი უფროსი ასოცირებული წევრი. 
1998-2000, 2003-2004 და 2006-2009 წლებში მუშაობდა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრში პოსტდოკის, შემდეგ კი მიწვეული პროფესორის სტატუსით. 
2000-2004 წლებში მუშაობდა ტურინის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე (იტალია) მკვლევრის სტატუსით.
2002 წელს (ჯუმბერ ლომინაძესთან, გიორგი ჩაგელიშვილსა და რევაზ ჭანიშვილთან ერთად) მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია ფიზიკის დარგში. 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2007 წლიდან. ილიაუნის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამაარსებელია. არის სამოცდაათზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მოწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობდა და კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტში (საქართველო), ტურინის უნივერსიტეტსა და ტრიესტის აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (იტალია), ასევე – ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში (ბელგია). 2002, 2004, 2007 და 2011 წლებში იყო თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (ტრიესტი, იტალია) ჩატარებული საერთაშორისო სკოლებისა და კონფერენციების ერთ-ერთი დირექტორი.
2017 წლიდან ანდრია როგავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორია.


დრო: 28 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები