ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ანა გლეონეკის ლექცია-სემინარები

ღონისძიებები

6-დან 9 აპრილის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, 6-კრედიტიანი საბაკალავრო სპეცკურსის – „თემი, ძალადობა, სხეული – XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსები“ – ფარგლებში, პროფესორი ანა გლეონეკი ჩაატარებს 4 ლექცია-სემინარს.

განრიგი

▪ 6 აპრილი, 12:00-15:00 საათი
▪ 7 აპრილი, 11:00-15:00 საათი
▪ 8 აპრილი, 11:00-15:00 საათი
▪ 9 აპრილი, 14:00-18:00 საათი

თემატიკა

▪ პოლიტიკური სხეულის ანალოგიის არენდტისეული დეკონსტრუქცია: მრავლის რედუქცია ერთზე და პოლიტიკური ფილოსოფიის წყაროები;

▪ დემოკრატიული „დეზინკორპორაცია“: პოლიტიკაში სხეულის ფანტაზმის ანალიზი კლოდ ლეფორის მიერ. დემოკრატიის „სხეულის გარეშეობა“: პოლიტიკურის სიმბოლური წაკითხვა;

▪ სხეულებზე ძალაუფლება: „პოლიტიკური სხეულის“ სხვაგვარი ანალიზი: დისციპლინებისა და ბიო-ძალაუფლების ფუკოსეული ანალიზი და „პოლიტიკური სხეულის“ გაგების ხელახალი განსაზღვრება ფუკოს მიერ;

▪ ბიოპოლიტიკის მიღმა: იმუნიზაციის ცნება: პოლიტიკაში იმუნურობის ცნება ჟაკ დერიდას მიხედვით. რობერტო ესპოზიტოს მიერ ფუკოს კრიტიკა და პოლიტიკური სხეულის ანალოგიის აღორძინება;

▪ შესაძლებელია თუ არა ანალოგიის გადახალისება? – ჟილბერ სიმონდონის სოციოპოლიტიკური აზროვნება და პოლიტიკური სხეულის ახალი ანალოგიის ბერკეტები მორის მერლო-პონტის აზროვნებაში.

პროფესორ ანა გლეონეკის შესახებ

ანა გლეონეკი (Anne Gléonec) ფილოსოფიის აგრეჟე და დოქტორია. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2011 წელს, პარიზის დიდროს უნივერსიტეტში – პარი 7, სათაურით: „სხეულიდან პოლიტიკურ სხეულამდე? ანალოგიის ფენომენოლოგიური წესით გარდაქმნის ცდა“. საფრანგეთში ხუთწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის შემდეგ, პროფესიული საქმიანობა გააგრძელა პრაღაში, სოციალური მეცნიერებების კვლევის ფრანგულ ცენტრსა (CEFRES/CNRS) და პრაღის კარლის უნივერსიტეტში, სადაც ასწავლის და კვლევითი ხელმძღვანელია 2009 წლიდან.

მისი ფილოსოფიური ინტერესის საგანი უპირატესად ფენომენოლოგია და ფენომენოლოგიური აზროვნებაა, რომელიც ორ ღერძს ემყარება: (1) სხეულის ფენომენოლოგია და მისი კრიტიკული ჩარევა მეცნიერებებში (მერლო-პონტის შრომების გავლით) და (2) პოლიტიკურის ფენომენოლოგია. ფილოსოფიის ინსტიტუტში მისი პროექტის სახელწოდებაა: „განსხეულება პოლიტიკაში: სიცოცხლისა და ანალოგიის ძალაუფლების საკითხი საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების გადაკვეთაზე“.

პროფესორ ანა გლეონეკის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. http://bit.ly/1xuXkOE

ლექცია-სემინარებზე დასწრება თავისუფალია.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია
დრო: 6-9 აპრილი

შენიშვნა: 9 აპრილს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად უქმე დღეა, ლექცია-სემინარი მაინც ჩატარდება.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები