ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროექტი „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ” წიგნების პრეზენტაციით დასრულდება

ღონისძიებები

18 ივნისს, 18.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ” დასრულებასთან დაკავშირებით გაიმართება პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია, ესენია: ამავე სახელწოდების სამეცნიერო კრებული, „საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში“, „არფა‘ ად-დოულე და საქართველო“, ამ წიგნის ინგლისური და სპარსული თარგმანები “Arfa‘ ad-Dowle and Georgia”, ასევე „ნაპოლეონის დიპლომატიური მისიები ირანში და საქართველოს საკითხი“ და „შარდენის მოგზაურობა“.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ” (NFR/269-1) მონაწილეები მიზნად ისახავდნენ ფრანგი და ირანელი ავტორების თხზულებათა თარგმნასა და სამეცნიერო შესწავლას, პირველწყაროების შედარებითი ანალიზის საფუძველზე აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან დანახული საქართველოს საერთო სურათის წარმოდგენას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამ პერიოდის საქართველოს ევროპასთან კავშირებსა და ქვეყანაში მიმდინარე ევროპეიზაციის პროცესებზე (როგორც სპარსული, ისე ფრანგული წყაროების მონაცემთა საფუძველზე). პროექტის მთავარ შედეგს წარმოადგენს ახალი, ან სამეცნიერო მიმოქცევაში ნაკლებად შემოსული, წყაროების შესწავლის საფუძველზე მე-19 საუკუნის საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შეძლებისდაგვარად სრული სურათის წარმოდგენა.

გამოიცა პროექტით გათვალისწინებული ამავე სახელწოდების სამეცნიერო სტატიების კრებული. თარგმნილი პირველწყაროების ნაწილი აიტვირთა ილიას უნივერსიტეტის ვებგვერდის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოცნეობის ინსტიტუტის სექციაში.

სამეცნიერო კრებულის გარდა პროექტის მონაწილეებმა პროექტზე მუშაობის პერიოდში გამოსცეს სხვა წიგნებიც:

  • „საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში“. კრებული შეადგინა, ტექსტები სპარსულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო მარინა ალექსიძემ. რედაქტორი გრიგოლ ბერაძე. თბ., არტანუჯი, 2016 ;
  • მარინა ალექსიძე, გრიგოლ ბერაძე, ირინა კოშორიძე. „არფა‘ ად-დოულე და საქართველო“. თბილისი, არტანუჯი, 2017;
  • იგივე წიგნი ინგლისურ და სპარსულ ენებზე („Arfa‘ ad-Dowle and Georgia“).
  • ირინე ნაჭყებია. „ნაპოლეონის დიპლომატიური მისიები ირანში და საქართველოს საკითხი“. რედაქტორი გრიგოლ ბერაძე, თბილისი, მწიგნობარი, 2018;
  • გიორგი სანიკიძემ გამოაქვეყნა „შარდენის მოგზაურობის“ ახალი, შევსებული და გადამუშავებული თარგმანი გამოკვლევითა და კომენტარებით. თბილისი, ილიას უნივერსიტეტის გამომც., 2018 (მიუხედავად იმისა, რომ შარდენის მოგზაურობა პროექტის ეპოქა არ განეკუთვნება, ის მე-19 საუკუნის ფრანგი ავტორებისთვის საქართველოს შესახებ მთავარ წყაროს წარმოადგენდა და, შესაბამისად, პროექტის თემატიკასთან უშუალოდ არის დაკავშირებული).

პრეზენტაციაზე პროექტის მონაწილეები და წიგნების ავტორები ისაუბრებენ განხორციელებული კვლევის შედეგებზე და გამოცემული ნაშრომების შესახებ.

დრო: 18 ივნისი 18.00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები