ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პრემიერა ილიაუნის თეატრში – სპექტაკლი „მარატ-სადი“

ღონისძიებები

10, 11 და 12 მაისს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრი პრემიერას ითამაშებს. სპექტაკლი „მარატ-სადი“, პეტერ ვაისის პიესის მიხედვით, თეატრის ფოიეში გაიმართება.

სპექტაკლი ახალგაზრდა რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის დებიუტია. მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამა დრამის რეჟისურის მიმართულებით დაამთავრა. პიესაზე მან იმუშავა ამავე პროგრამის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად, რომელთაც პარტნიორობას გამოცდილი, ცნობილი მსახიობები – ბაჩო ჩაჩიბაია, ამირან ქაჩიაბაია ანი იმნაძე – უწევენ.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით დაიდგა.

„ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა, შარანტონის თავშესაფრის მსახიობთა მიერ დადგმული მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით“ – ასე ჰქვია პიესას, რომელსაც მოკლედ „მარატ-სადს“ უწოდებენ. მოქმედება საგიჟეთში ხდება, სადაც მარკიზ დე სადი პაციენტების მონაწილეობით სპექტაკლს დადგამს.

შესაძლებელია კი სრული თანასწორობის მიღწევა რევოლუციის საშუალებით? არის რევოლუცია გზა, რომელიც ბედნიერებას მოგვანიჭებს, თანასწორებს გაგვხდის და სურვილებს დაგვიკმაყოფილებს? სწორედ ამ კითხვებზე ეძებს პასუხს მარკიზ დე სადი საკუთარი ექსპერიმენტული სპექტაკლის მეშვეობით და შედეგი, რომელსაც ის მიიღებს, საკმაოდ მოულოდნელია.

ახალგაზრდა დამწყები რეჟისორიც ზემოხსენებული პასუხების ძიებაშია. მანაც ექსპერიმენტის გზა აირჩია – სპექტაკლი არა თეატრალურ დარბაზში, არამედ ფოიეში თამაშდება.

10 მაისს, პრემიერამდე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პიესის სრული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი, რომელიც ჯემალ ჭელიძემ თარგმნა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაიბეჭდა. წიგნის წარდგენაში მონაწილეობას მიიღებენ ლაშა ბუღაძე, გიგა ზედანია, გიორგი მაისურაძე და ნინო ფირცხალავა.

ვრცლად წიგნის პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ...

„მარატ-სადი“
პეტერ ვაისის მიხედვით

რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი
მხატვარი თეო კუხიანიძე
სპექტაკლისთვის მუსიკა სპეციალურად დაწერა კონსტანტინე ეჯიბაშვილმა.
სპექტაკლში გამოყენებულია ჯემალჭელიძის თარგმანი

მონაწილეობენ:

  • გაგა არაბული
  • პაატა ბაბლუანი
  • მარიამ ბალახაძე
  • ელენე დაბრუნდაშვილი
  • კონსტანტინე ეჯიბაშვილი
  • ჯანო ვალიშვილი
  • ვლადიმერ ვაშაკიძე
  • ანდრია ვაჭრიძე
  • ლიკა ზარნაძე
  • შოთა თორდია
  • ანი იმნაძე
  • თორნიკე კაკულია
  • გიორგი მაქაძე
  • ამირან ქაჩიბაია
  • ანი შურღაია
  • ბაჩო ჩაჩიბაია

სპექტაკლის ხანგრძლივობა: 1 საათი და 50 წუთი

დამატებითი ინფორმაციისთვის: www.iliaunitheatre.ge 

 

ბანერები