ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

PR Talks - Კახა მაღრაძის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

13 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 401 აუდიტორიაში გაიმართება პირველი შეხვედრა ილიაუნის PR Talks-ისა, რომელზეც ცნობილი სპიკერები, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სამთავრობო სტრუქტურების პროფესიონალები ილაპარაკებენ კრიზისის დროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სირთულეებსა და კონკრეტულ კამპანიებზე, რომლებიც განახორციელეს 3 მიმართულებით: კრიზისის პრევენცია, კრიზისული კომუნიკაცია და ზიანის შემცირება, იმიჯისა და რეპუტაციის აღდგენა.

შეხვედრები გაიმართება ყოველკვირა, 19:00 საათზე. აუდიტორიას ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინოს სპიკერებს, რომლებიც განიხილავენ ქართულ ქეისებს, რომელთა შესახებ არ არის ცნობილი ფართო აუდიტორიისთვის.

შეხვედრის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

კამპანია „არ გამიძვირო ლუდი!“

2013 წლის პირველ იანვარს ძალაში უნდა შესულიყო ცვლილება საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმადაც მოხდებოდა არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონული მარკირება, რაც წამყვან კომპანიებსა და მთლიანად ინდუსტრიას წელიწადში დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე ზარალს მიაყენებდა. ამ ცვლილების საწინააღმდეგოდ ინდუსტრიის 6 წამყვანი კომპანიის დაკვეთით, რომლებიც გაერთიანდნენ „არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციაში“, ჯეპრამ განახორციელა კამპანია რამდენიმე ტალღად, 2012-დან 2015-წლამდე. როგორ წარიმართა პროცესები? რა სტრატეგიასა და ტაქტიკას მიმართეს კონსულტანტებმა კრიზისის მართვისა და ზიანის შემცირების მიზნით? ამ საკითხებზე ილიაუნის PR Talks-ზე ისაუბრებს კომპანია „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი და კონსულტანტი, ილიას უნივერსიტეტის ლექტორი კახა მაღრაძე.

სპიკერის შესახებ

კახა მაღრაძე 2004 წლიდან მუშაობს პიარისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, როგორც საკონსულტაციო ჯგუფ „ჯეპრას“ პროექტების მენეჯერი და უფროსი კონსულტანტი. ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის, პიარის, ივენთმენეჯმენტის, ციფრული კომუნიკაციისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის და ბრენდინგის დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით; განხორციელებული აქვს ოცდახუთამდე საჯარო უწყების სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვისა და კონსულტაციის პროექტი საქართველოსა და ყირგიზეთში. მუშაობდა სამოცამდე მსხვილი და საშუალო ბიზნესორგანიზაციის პიარსა და საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელებაზე. Მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და

ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, მათი კონსალტინგისა და თანამშრომლების მომზადების დიდი გამოცდილება.

2005 წლიდან კახა მაღრაძემ გამართა ას ოცამდე ტრენინგი, სემინარი და სამუშაო შეხვედრა მარკეტინგის, ბრენდინგის, პიარისა და ზოგადი ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვასა და შეფასებაში საჯარო მოხელეების, ბიზნესის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის.

2007 წლიდან პიარის კურსის ლექტორია „თბილისის პიარსკოლაში”. ასწავლის ილიას სახელმწიფო და თავისუფალ უნივერსიტეტებში საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსს. ასევე აქვს ორმოცდაათამდე ორგანიზაციისა და მენეჯერის ონლაინ და სამუშაო ადგილზე კონსულტირების გამოცდილება.

კახა მაღრაძე საქართველოს „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ გამგეობის თავმჯდომარე და საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნის – „სტრატეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“ ავტორია.

დრო: 13 იანვარი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 401 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია.

2020

ბანერები