ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პოსტერების კონკურსი ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვის

ღონისძიებები

 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი STEM-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 8 ნოემბერს იმართება, აცხადებს პოსტერების კონკურსს ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვის. კონკურსი მიზნად ისახავს STEM დარგის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების დაინტერესებას ტექნოლოგიური, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მიმართულებებით.

  • 21-ე საუკუნე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეპოქაა, რომელშიც STEM (Science, Technology, Engineering, Math) მიმართულება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწორედ ის განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. აუცილებელია საზოგადოება და განსაკუთრებით ახალგაზრდები მეტად იყვნენ ინფორმირებული ამ დარგის შესახებ. შესაბამისად, კონკურსის მონაწილეებს მოუწევთ პოსტერების მეშვეობით დაგვანახონ ზოგადად STEM-ის მნიშვნელობა, მისი აუცილებლობა და კავშირი ყოველდღიურ ცხოვრებასთან, რაც გაზრდის დაინტერესებასა და ჩართულობას.
  • კონკურსის 10 საუკეთესო პოსტერის ავტორი 8 ნოემბერს ჟიურის წინაშე წარადგენს საკუთარ იდეას, საბოლოოდ კი გამოვლინდება ორი გამარჯვებული, რომელთაგან ერთი იქნება ხალხის რჩეული. ხალხის რჩეული პოსტერი ხმის მიცემით გამოვლინდება. 
  • ხმის მიცემა 4 ნოემბრიდან ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ფეისბუქგვერდიდან იქნება შესაძლებელი.
  • 24 ოქტომბერს, შაბათს, 12:00 საათზე, კონკურსანტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც ისინი დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ კონკურსის შესახებ, გაეცნობიან ისეთ დეტალებს, როგორებიცაა: ნამუშევრის შესრულების ფორმატი, კონკურსში მონაწილეობის წესები და ა.შ. 

შეხვედრაზე მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ გრაფიკული დიზაინის პრინციპებსაც.


კონკურსში მონაწილეობის პირობები

პოსტერების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს – ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის (ამკ) წევრებს, რომელთაც აქვთ სურვილი გამოხატონ აზრი თავიანთი კრეატიულობითა და ხედვით.
თუ გსურთ კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ არ ხართ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის (ამკ) წევრი, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა https://goo.gl/forms/cL8x49y3WcNXdno53 და გახდით ჩვენი გუნდის წევრი.

შესრულების ფორმატი:

  • ნამუშევრის ზომა უნდა იყოს A3 ფორმატის;
  • იყოს ავტორის ორიგინალი ნამუშევარი;
  • იყოს შესრულებული გრაფიკული დიზაინის ნებისმიერ პროგრამასა თუ ონლაინპლატფორმაში.

ტონი:

პოზიტიური, მოტივაციის მომცემი

წესები:

ნამუშევრის ელფოსტაზე გამოგზავნით ადასტურებთ, რომ ნამუშევარი თქვენი შექმნილია და, შესაბამისად, თქვენ ფლობთ საავტორო უფლებებს;

კონკურსანტი კონკურსში მონაწილეობით ორგანიზატორებს ანიჭებს უფლებას, საჭიროებისამებრ გამოიყენონ ნამუშევარი ვებგვერდზე, გამოფენაზე, პუბლიკაციასა და ნებისმიერ სხვა მასალაში (ავტორის მითითებით).

კრიტერიუმები:

ნამუშევარი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის პირობებს და ნათლად გადმოსცემდეს სათქმელს.
ნამუშევართან ერთად მონაწილეებმა უნდა გამოგზავნონ ტექსტი, არა უმეტეს 150 სიტყვისა, რომელიც ახსნის მათი პოსტერის იდეას.

 პოსტერები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: yexclub@iliauni.edu.ge

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ კონკურსის დასახელება, კონკურსანტის სახელი და გვარი.

 ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2020 წლის 2 ნოემბერი, 23:59 საათი


ბანერები