ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„პოსტ საბჭოთა არქიტექტურა და ურბანული სივრცე თბილისის გლდანის რაიონის მაგალითზე“ - თინა გურგენიძის საჯარო ლექცია ილიაუნის სამეცნიერო კაფეში

ღონისძიებები

1-ლ ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე თინა გურგენიძესთან.

შეხვედრის თემაა: პოსტ საბჭოთა არქიტექტურა და ურბანული სივრცე თბილისის გლდანის რაიონის მაგალითზე.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის სათავეში ნიკიტა ხრუშჩოვის მოსვლისთანავე, საბჭოთა კავშირში ინდუსტრიულ მშენებლობას დაეთმო დიდი ყურადღება. ხრუშჩოვმა უარყო სტალინისტური არქიტექტურის იდეოლოგია და გზა მისცა მასობრივ ინდუსტრიულ მშენებლობას. სწორედ ამ პერიოდში მომრავლდა მიკრორაიონები, რომლებიც, ძირითადად, გარეუბნებში ცარიელ ტერიტორიებზე იგეგმებოდა.

თბილისის განაშენიანების გენგეგმის დამტკიცების შემდეგ, გლდანის მიკრორაიონის მშენებლობა იმავე სახელის მატარებელი სოფლის ტერიტორიაზე გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. გლდანის დაპროექტება იმდროინდელ ახალგაზრდა არქიტექტორს, თეიმურაზ ბოჭორიშვილს, დაევალა. გლდანის პროექტი 8 მიკრორაიონს მოიცავდა და ინდუსტრიული, ტიპიური მსხვილ პანელოვანი შენობებით და 147 000 ადამიანზე იყო გათვლილი.

სოციალისტური პერიოდის დასრულების შემდეგ, იმდროინდელი ნორმებისა და სტანდარტების გათვალისწინებით დაგეგმილი უბანი ახალ რეალობაში აღმოჩნდა. 90-იანი წლებიდან გლდანში დიდი არქიტექტურული და საზოგადოებრივი ცვლილებები მიმდინარეობს.  დღევანდელ გლდანში უამრავ სოციალურსა თუ ურბანულ ფენომენს ვაწყდებით, რაც სწორედ ზემოთ აღნიშნული ცვლილებების შედეგია.

ლექცია მოგვითხრობს ამ კონკრეტული ტრანსფორმაციის შესახებ, რაც საბჭოთა არქიტექტურამ და ურბანულმა სივრცემ განიცადა სოციალისტური სისტემის დანგრევის შემდეგ - თუ როგორ ხდება ამ ცვლილებების ასახვა ურბანულ გარემოზე, მათ მომხმარებლებზე და რა სახით მონაწილეობს საზოგადოება ამ პროცესებში. ლექცია დაეთმობა სტუდენტებისთვის სხვადასხვა მეთოდიკის გაცნობასაც, თუ რა სახით არის შესაძლებელი ამა თუ იმ მეთოდით კვლევისა და საველე სამუშაოს განხორციელება არქიტექტურასა და ურბანულ დიზაინში.

ფოტოს ავტორი: თაკო რობაქიძე

მომხსენებლის შესახებ

თინათინ გურგენიძემ 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. 2009 წელს მან დაამთავრა მაგისტრატურა ურბანულ დიზაინში ბარსელონის უნივერსიტეტში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. 2010 წლიდან თინათინი ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს სადისერტაციო თემაზე გლდანთან დაკავშირებით. თინათინი რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორია, აქტიურად მონაწილეობს კონფერენციებსა და არქიტექტურულ გამოფენებში. მისი ბოლო სტატია გლდანის პირადი და საჯარო სივრცის შესახებ მაისის ბოლოს ჟურნალ „Cloud-Cuckoo-Land“-ში http://cloud-cuckoo.net/en/issues/current-issue/ გამოქვეყნდება.

დრო: 1-ლი ივნისი, 19:00 საათ

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები