პოლ მენინგის საჯარო ლექცია: „ბაღების ქალაქი: ძველი თბილისის სამი ბაღის ჰეტეროტოპია“
ღონისძიებები
26 ოქტომბერს, 18.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ტრენტის უნივერსიტეტის პროფესორი, ანთროპოლოგი პოლ მენინგი წარმოადგენს კვლევას „ბაღების ქალაქი: ძველი თბილისის სამი ბაღის ჰეტეროტოპია“.
ერთ დროს თბილისს, კალას, გარეუბანი ან გარეთუბანი ჰქონდა შემორტყმული დიდი ბაღებით. მე-18 საუკუნეში ბაღების სიმრავლეზე წერს ვახუშტი ბატონიშვილიც. ამ თვალით თუ შევხედავთ, იმ პერიოდის თბილისი ტიპური სპარსული ქალაქი იყო, სადაც ცენტრი და გარეუბნები მკვეთრად იყო გამიჯნული და ბაღები შემოგარენს წარმოადგენდა.
როგორი ბაღები იყო თბილისში და მის გარშემო? რა სახის ჰეტეროტოპიები, „სხვა სივრცეები“ იყო – მითურ სამყაროდ წარმოგვიდგებიან თუ რეალურად? როგორი იყო ბაღების ყოველდღიურობა, როგორ სეირნობდნენ და იქცევდნენ თავს, წერისა და სიმღერის რომელი ქალაქური ჟანრები იყო დაკავშირებული მათთან? ანდა რითი განსხვავდებოდა არა მხოლოდ ჩვეულებრივი სივრცეებისგან, მაგალითად, ქალაქის ქუჩებისა და სახლებისგან, არამედ ერთმანეთისგანაც?
მომხსენებელი ილაპარაკებს სამი ასეთი ურბანული ბაღის ჰეტეროტოპიის შესახებ, ესენია: სოლოლაკის საფავიდური პერიოდის სამეფო ბაღებზე (განადგურდა 1795 წელს), ალექსანდრეს – ახალი ტიპის რუსულ კოლონიურ – ბაღზე და, ბოლოს, ორთაჭალის ბაღებზე, რომლებიც წარმოუდგენელი იყო ლექსისა და მუსიკის გარეშე.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 26 ოქტომბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.