ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პირველკურსელების მიღების ცერემონია – WELCOME PARTY 2017

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელების მიღებისა და დაჯილდოების ცერემონია 30 სექტემბერს, 18:00 საათზე, ვაკის პარკში, ილიაუნის მეექვსე სამეცნიერო პიკნიკზე გაიმართება. 

ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით სხვადასხვა ფაკულტეტის ოთხ ყველაზე მაღალრეიტინგულ სტუდენტს ილიაუნი, ტრადიციულად, ლეპტოპებით დააჯილდოებს. უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტს vici • ვიცი  სპეციალურ საჩუქარს უმზადებს. ცერემონიის მონაწილე სხვა სტუდენტებს კი vici • ვიცი-ის პრომოსაჩუქრები დახვდებათ.

პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს ჯგუფი MokuMoku.  vici • ვიცი   კი მათ იწვევს ჯგუფ „არას“ კონცერტზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს მეექვსედ ატარებს სამეცნიერო პიკნიკს. სპეციალურად გაშლილი კარვები დაეთმობა უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სასწავლო დაწესებულებებს, სკოლებს, მათ შორის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც საინტერესო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ და ინტერაქციულ გამოფენებს წარმოადგენენ. გაიმართება პიკნიკისთვის სპეციალურად დადგმული სპექტაკლი „ყვავილების ალქიმია“. სცენა ასევე დაეთმობა „ექსპერიმენტორიუმს“, რომელიც სახალისო შოუპროგრამას წარმოადგენს. მოეწყობა სამეცნიერო კაფე, სადაც ილიაუნის მეცნიერები წაიკითხავენ ლექციებს. 

პიკნიკის მთავარი ამოცანაა, სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით – საბუნებისმეტყველო დისციპლინებში და, უპირველესად, განკუთვნილია სკოლის ასაკის მოზარდებისთვის, თუმცა საინტერესო იქნება ნებისმიერი ასაკის მონაწილეებისთვისაც.

წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. 

სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში 11:00 საათზე გაიხსნება და მთელი დღით უმასპინძლებს დამთვალიერებლებს, 18:00 საათზე კი მთავარი სცენა პირველკურსელთა მიღების ცერემონიას დაეთმობა.

გილოცავთ ილიაუნელობას!

ბანერები