ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პანელური დისკუსია „საუნივერსიტეტო კვლევითი პოტენციალი ქვეყნის/რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივით იწყებს დისკუსიათა სერიას საუნივერსიტეტო კვლევითი პოტენციალი ქვეყნის/რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის.

21-ე საუკუნის გეოპოლიტიკური უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილების, რესურსებზე მზარდი კონკურენციის, მიგრაციის, ტერორიზმისა და სხვა გამოწვევები, საერთაშორისო და შიდა საარსებო გარემოს სწრაფი ცვლა, ახალ საფრთხეებს უქმნის საქართველოს მსგავს მცირე ქვეყნებს. ამავე დროს ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობა, ახალი რესურსების ათვისება და არსებულის დაზოგვა, განათლება და ამ მიმართულებებით სისტემური პოლიტიკის გატარება ახალ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აჩენს. საჭირო ხდება:

  • სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ეკონომიკურ და უსაფრთხოების გარემოში ეფექტური პოლიტიკის შემუშავება;
  • ბუნებრივი და ანთროპოგენული ცვლილებებით გამოწვეულ კატასტროფულ მოვლენებთან – ექსტრემალური ტემპერატურები, გაუდაბნოება, ტყის ხანძრები, წყალმოვარდნები, მეწყრული პროცესები – ადაპტაციის საჭიროება;
  • სიღარიბისა და ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზების მოძებნა;
  • სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიები და ინტერნეტი და მათთან დაკავშირებული კიბერსაფრთხეები და შესაძლებლობები;
  • ახალი ავადმყოფობების, ეპიდემიების და მავნებლების გავრცელება და პრევენციული ზომები;
  • ეფექტური რეაგირება გარე ძალების აქტიურ მუშაობაზე ქვეყნის იდეოლოგიური, ინსტიტუციური და საზოგადოებრივი დასუსტების მიზნით;
  • მზარდი ენერგეტიკული და რესურსდამოკიდებულება და განახლებადი ენერგიის გამოყენება.

ამგვარ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბუნებრივ, სოციალურ, ეკონომიკურსა და ტექნოლოგიურ, მიმართულებებში კვლევებზე დაფუძნებული გრძელვადიანი ხედვების შემუშავება და მათი პოლიტიკაში განხორციელება.

28 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „საუნივერსიტეტო კვლევითი პოტენციალი ქვეყნის/რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის“.

მოდერატორი პროფ. მურმან მარგველაშვილი

განსახილველი თემები:

  • უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის გააზრება ქვეყნის საჭიროებების შესაბამისად მდგრადი განვითარების ამოცანებთან მიმართებაში, მდგრადობის კვლევები;
  • განათლება მდგრადი განვითარებისთვის;
  • საუნივერსიტეტო გარემოს მდგრადობა, ინფრასტრუქტურა, დიზაინი, ნარჩენების პოლიტიკა, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, მწვანე ლანდშაფტი;
  • აღნიშნულ თემებზე საუნივერსიტეტო დისკუსიის ინიცირება ქვეყნის/რეგიონის მასშტაბით.

დრო: 28 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები