ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პანელური დისკუსია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით

ღონისძიებები

1918 წლის 26-28 მაისს ტფილისში გამოცხადდა სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკის: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა.  29 მაისს, 19:00 საათზე, B201 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავს პანელურ დისკუსიას ამ მოვლენის 100 წლისთავთან დაკავშირებით. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და სომხეთის პირველ რესპუბლიკათა ყველაზე აღიარებული სპეციალისტები: მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი სტივენ ჯონსი და ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი რიჩარდ ჰოვანესიანი. დისკუსიას გაუძღვება ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა პოსტსადოქტორო მკვლევარი, პროფესორი ბექა კობახიძე.

მომხსენებლების შესახებ

პროფესორი სტივენ ჯონსი მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში (აშშ) რუსეთისა და ევრაზიულ სწავლებათა მიმართულების ხელმძღვანელია. ის 1970-იანი წლებიდან მოყოლებული იკვლევს საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკას. დაწერილი აქვს ორი ფუნდამენტური მონოგრაფია: „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“ და „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“. ახლა ასრულებს მესამე მონოგრაფიას, რომელიც უშუალოდ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეეხება.

პროფესორი რიჩარდ ჰოვანესიანი ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში (UCLA) არმენოლოგიურ სწავლებათა დამფუძნებელია. შეიძლება ითქვას, რომ არავის უკვლევია კავკასიის პირველ რესპუბლიკათა ისტორია ისე სიღრმისეულად, როგორც ეს პროფესორმა ჰოვანესიანმა გააკეთა. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიოს სამ კონტინენტზე მან მოიარა, ფაქტობრივად, ყველა შესაძლო არქივი. 1967 წელს გამოსცა მონოგრაფია „სომხეთი დამოუკიდებლობის გზაზე“, რასაც 1971-დან 1996 წლამდე მოჰყვა ოთხტომეული „სომხეთის რესპუბლიკა“.

მოდერატორი: ბექა კობახიძე

ბექა კობახიძე ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი სკოლის პოსტსადოქტორო მკვლევარი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორია.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი)

დრო: 29 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2018

ბანერები