ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“ - წიგნის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

22 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გიწვევთ სალმან რუშდის რომანის პრეზენტაციაზე.

წიგნს - სახელწოდებით, „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“  - წარადგენენ მთარგმნელი და  მწერალი, სალომე ბენიძე, და ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი.

ავტორის შესახებ

სალმან რუშდი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორია. მკითხველები და კრიტიკოსები ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ელიან ბრიტანელი (წარმოშობით, ინდოელი) ავტორის ახალ, უკომპრომისობითა და თამამი იდეებით სავსე ნაწარმოებებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ხომეინიმ, მწერალს ფატვა გამოუცხადა.

რუშდის ნაწარმოებებში არეული ირეალური და რეალური სამყარო, აქა-იქ გაბნეული, საინტერესო ავტობიოგრაფიული დეტალები, კულტურულ სამყაროთა ურთიერთდაპირისპირება მეტად საინტერესო სიურრეალისტურ სამყაროს ქმნის, რომელიც, მწერლისავე თქმით, სულაც არაა სინამდვილისგან შორს. სწორედ ასეთივე, მაგიური რეალიზმის მორიგი ნიმუშია 2015 წელს დაწერილი რომანი „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“ – ამბავი ზღაპრული სამყაროდან დედამიწაზე გამოხმობილ ჯინებზე, რომელთა რისხვა მეხად და ქარტეხილებად დაატყდა ქვეყნიერებას; ესაა მომავლის პერსპექტივიდან დანახული ამბავი კაცობრიობის სასჯელად მოვლენილ უკონტროლო ძალაზე, რომელიც, როგორც ზღაპრებშია, ისევ და ისევ ადამიანის გონებით იმართება.

დრო: 22 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები