ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ონლაინგამოცემა On.ge-ის კონკურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის

კონკურსები

პირველი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ხელმეორედ ცხადდება კონკურსი ონლაინგამოცემა On.ge-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო პროექტისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს. 

თუ ხართ ცნობისმოყვარე, გიტაცებთ ჟურნალისტიკა, კარგად იცით ინგლისური და ქართული ენები, გიყვართ უცხოური გამოცემების კითხვა და ხშირად გიფიქრიათ იმაზე, რა კარგი იქნებოდა, ესა თუ ის სტატია ქართულადაც რომ ყოფილიყო ნათარგმნი, მაშინ ამ კონკურსში აუცილებლად უნდა მიიღოთ მონაწილეობა. 

კონკურსის შედეგად შეირჩევა 10-15 სტუდენტი, რომლებიც 6 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლიან ონლაინგამოცემა On.ge-ის რედაქციაში. 

შერჩეულ სტუდენტებს დაევალებათ ინგლისურენოვანი ანალიტიკური სტატიების თარგმნა ქართულ ენაზე და მათი მორგება ქართველი მკითხველისათვის. პროექტში მონაწილეობისთვის ჟურნალისტური გამოცდილება აუცილებელი არ არის.

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტის წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მის შედეგად დასაქმდა ილიაუნის ერთი სტუდენტი, რომელიც On.ge-ის სარედაქციო ჯგუფს შეუერთდა.

კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები:   

  • გაივლიან 6-თვიან სტაჟირებას ონლაინგამოცემა On.ge-ს რედაქციაში – შეიძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას ჟურნალისტიკის სფეროში და შეძლებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად ჩაერთონ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში; 
  • სტაჟირების დასრულების შემდეგ გაემგზავრებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით ბაზაზე და მონაწილეობას მიიღებენ თემატურ ბანაკში; 
  • მიიღებენ ონლაინგამოცემა On.ge-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტაჟირების დამადასტურებელ სერტიფიკატს; 
  • პროექტის მონაწილე 5 საუკეთესო სტუდენტი სტაჟირების ბოლო 3 თვის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს სტიპენდიას თვეში 300 ლარის ოდენობით.

რა იქნება ჩემი ფუნქციები და მოვალეობები პროექტის ფარგლებში?

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და On.ge-ის მიერ ერთობლივად დაგეგმილ გასვლით სემინარებსა და საჯარო ლექციებზე დასწრება;
  • სათარგმნი სტატიების მოძიება;
  • სხვადასხვა თემატიკის მოცულობითი სტატიების თარგმნა ინგლისური ენიდან ქართულზე;
  • ნათარგმნი სტატიის მორგება ქართულ რეალობაზე და მათი ადაპტირება ქართველი მკითხველისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში ცალკეული სტატიისთვის დამატებითი ინფორმაციის მოძიება;
  • რედაქტორისგან მიღებულ შენიშვნებზე მუშაობა და კომენტარების გათვალისწინება;
  • სურვილის შემთხვევაში საკუთარი სიღრმისეული და ანალიტიკური სტატიების მომზადება.

როგორ მივიღო კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა 27 ოქტომბრის ჩათვლით შეასრულოთ საკონკურსო დავალება და ატვირთოთ სააპლიკაციო ფორმაში ბმულზე: https://bit.ly/31MYt55

საკონკურსო დავალება 

The Conversation-ის სტატიაში მიმოხილულია ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანისთვის დამახასიათებელი 4 თვისება. თქვენ გევალებათ:

  •   თარგმნოთ სტატიის სათაური;
  •   მოიფიქროთ ერთ ან ორაბზაციანი შესავალი, რომელიც განსხვავებული იქნება სტატიის შესავლისაგან;
  •  სტატიაში განხილული 4 თვისებიდან აარჩიოთ თქვენთვის საინტერესო 3 თვისება და თარგმნოთ შესაბამისი ტექსტი;
  •  მოიძიოთ ინფორმაცია ემოციური ინტელექტისთვის დამახასიათებელ ისეთ თვისებაზე, რომელიც სტატიაში განხილული არ არის და დაურთოთ თქვენს სტატიას მეოთხე პუნქტად ისე, რომ ბუნებრივად მიებას დანარჩენ ტექსტს (მიუთითეთ წყარო, რომელზე დაყრდნობითაც დაწერეთ ეს პუნქტი).

ნაწერების შეფასებისას ყურადღება მიექცევა:

  • რამდენად ზუსტად და შინაარსის დაუმახინჯებლადაა ტექსტი ნათარგმნი;
  •  რამდენად გამართული ქართული ენითაა დაწერილი ტექსტი როგორც გრამატიკულად, ასევე სტილისტურად;
  • შინაარსობრივად და სტილისტურად რამდენად ბუნებრივად და ლოგიკურად ერთვის შესავალი და ებმის მეოთხე, დამატებითი პუნქტი მთლიან სტატიას.
  • ვორდის ფაილს დაარქვით სახელი შემდეგი პრინციპით: თქვენი სახელი, გვარი და სიტყვები „საკონკურსო დავალება“.

აპლიკაციის შესრულებისა და დავალების გამოგზავნის ბოლო ვადა: 27 ოქტომბერი.

აპლიკაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/31MYt55

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ნოემბრის პირველ ნახევარში. 

გისურვებთ წარმატებას!


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ

k.chartolani@on.ge

pr@iliauni.edu.ge

ბანერები