ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნინო შარიქაძის საჯარო მოხსენება პროექტის ''Alumni Talks'' ფარგლებში

ღონისძიებები

3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული ნინო შარიქაძე საერთაშორისო სადოქტორო სკოლის პროექტის ''Alumni Talks'' ფარგლებში წაიკითხავს საჯარო მოხსენებას თემაზე „ადრენალურ ჯირკვაში სტეროიდული ჰორომების რეგულაცია სიგმა-1 რეცეპტორის მიერ“.

მოხსენების შესახებ

სტრესი ცნობილი რისკფაქტორია წამალ-დამოკიდებულებისა და მისი რეციდივის მიმართ მოწყვლადობის განვითარებაში. სტრესი იწვევს კორტიკოტროპინ რილიზინგ ფაქტორის გამონთავისუფლების ცვლილებებს თავის ტვინში, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს წამალ-დამოკიდებულებაზე. ამასთან ნანახია, რომ სტრესი მოქმედებს დამოკიდებულების ციკლის სამივე სტადიაზე – ჭარბი სმა/ინტოქსიკაცია, გადაჩვევა/ნეგატიური ეფექტი და პრეოკუპაცია/მოლოდინი, რომლებიც ცხოველში იწვევს ემოციურ ალოსტატურ დატვირთვასა და მდგომარეობას, რაც შემდგომ აყალიბებს დამოკიდებულების მზარდ მოტივაციურ პათოლოგიას. სიგმა-1 რეცეპტორი (Sig-1R) წარმოადგენს მიტოქონდრიასთან ასოცირებულ ენდოპლაზმური ბადის (ებ) მემბრანებზე (MAMs) არსებულ ცილა-შაპერონს, რომელიც ინოზიტოლ-1,4,5, ტრიფოსფატ-ის რეცეპტორებთან (IP3Rs) ინტერაქციით ებ-სა და მიტოქონდრიას შორის Ca 2+ -ის მიმოცვლის მოდულაციას უწყობს ხელს. Sig-1R ჭარბად ექსპრესირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და თავის ტვინის ისეთ რეგიონებში, რომლებიც ჩართულია ემოციებსა და ნეიროფსიქიატრიულ აშლილობებში, ხოლო აგონისტები წარმოადგენს წამალთა იმ კლასს, რომელიც გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვების სამკურნალოდ. პრეკლინიკური კვლევებით ნანახია, რომ მხოლოდ Sig-1R-ის აქტივაცია საკმარისია ანტიდეპრესანტული ეფექტის მისაღებად. ეს ეფექტი ცხადყო ადამიანებზე ჩატარებულმა პრეკლინიკურმა კვლევებმაც, რა დროსაც ნახეს, რომ Sig-1R-ის აგონისტები ავლენს ძლიერ ანტიდეპრესანტულ ეფექტს. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კვლევის მიზანია Sig-1R-ის როლის შესწავლა სტრესსა და სტრესის საპასუხო მოლეკულურ მექანიზმებში, აგრეთვე თირკმელზედა ჯირკვლიდან სტრესული ჰორმონების (მაგ. კორტიკოსტერონი) გამოყოფასა და სინთეზში.

მომხსენებლის შესახებ

2013 წელს ნინო შარიქაძეს მიენიჭა ბიოფარმაციის მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018 წელს მან წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე და მიენიჭა სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მოლეკულური ბიოტექნოლოგიისა და ბიოქიმიის პროგრამის მიმართულებით. მის სადისერტაციო სამეცნიერო კვლევით ნაშრომში შესწავლილია ფლავონოიდ ნობილეტინის მოქმედება მიტოქონდრიულ ბიოენერგეტიკაზე. დოქტორანტურის პერიოდში გამოაქვეყნა ორი სამეცნიერო პუბლიკაცია მაღალ იმპაქტიან რეფერირებად ჟურნალებში.

2015-2016 წლებში ნინო შარიქაძემ მონაწილეობა მიიღო ბორდოს უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო გაცვლით პროგრამაში MID Erasmus Mundus, რომლის ფარგლებშიც სადოქტორო კვლევის ნაწილი შეასრულა უჯრედის ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ლაბორატორიაში, (ბორდო, საფრანგეთი).

2013-დან 2019 წლამდე მუშაობდა მკვლევრად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტში. 2019 წლიდან კი იყო ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის პოსდოკი (NIDA, NIH).

დრო: 3 ოქტომბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: T 102 აუდიტორია, ტექნოლოგიების კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

სამუშაო ენა: ქართული

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი



ბანერები