ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნინო ჩიჩუას საჯარო ლექცია: ბრენდი - დამზადებულია საქართველოში

ღონისძიებები

4 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მარკეტინგისა და სერვისის დირექტორი, ნინო ჩიჩუა წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ბრენდი - დამზადებულია საქართველოში“.

საჯარო ლექციის თემატიკა

  • რა არის მნიშვნელოვანი მომსახურების ინდუსტრიაში იმისათვის, რომ წარმატებული და განსხვავებული გახდეს;
  • რა არის იუსტიციის სახლის წარმატების ფორმულა;
  • რა გამოწვევების წინაშე იდგა ორგანიზაცია.

ლექციის ფარგლებში, მომხსენებელი სტუდენტებს გაუზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას სერვისის სფეროში და მისცემს მათ კონკრეტულ რეკომენდაციებს წარმატებისკენ გზის გასაკვალად. განიხილავს, მარკეტინგულმა ხედვამ, მომხმარებელზე ორიენტაციამ და ინოვაციურმა აზროვნებამ როგორ გახადა იუსტიციის სახლი ქვეყნის ყველაზე წარმატებული რეფორმა და ქართული „know how”. უდიდესი საერთაშორისო აღიარება, ათიათასობით აღფრთოვანებული უმაღლესი რანგის უცხოელი დელეგატი, სახელმწიფო მოხელე თუ ბიზნესის წარმომადგენელი, გაეროს ჯილდო... ეს ის ჩამონათვალია რომელიც იუსტიციის სახლის ბრენდს უკავშირდება.

მომხსენებლის შესახებ

ნინო ჩიჩუას „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მარკეტინგისა და სერვისის დირექტორია და კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციების მართვის დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ გენერალური დირექტორი; ხელმძღვანელობდა მარკეტინგის დეპარტამენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და პრივატიზაციის სამმართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში; 2010-2014 წლებში, მისი მონაწილეობით განხორციელდა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი „იუსტიციის სახლი“. ნინო ჩიჩუა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა ასევე „სახალხო ბანკში“, „თიბისი ბანკში“ და სადაზღვევო კომპანიაში „ალდაგი“.

ნინომ ჩიჩუამ 2001 წელს მოიპოვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ინგლისური ენაში, ხოლო 2004 წელს - ევროპის მენეჯმენტის უმაღლესი სკოლის (ESM) მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში. 2015 წლის თებერვალში დაასრულა ესადე ბიზნესის სკოლისა (ესპანეთი) და ბოკონის მენეჯმენტის სკოლის (იტალია) სამაგისტრო პროგრამა მარკეტინგსა და გაყიდვებში (Executive Master in Marketing&Sales) და მიიღო მაგისტრის ხარისხი.

მისი ავტორობით გამოცემულია  პუბლიკაციები, თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ეწევა აკადემიურ საქმიანობას.

დრო: 4 მაისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები