ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი: “პირველყოფილ ადამიანთა უძველესი სადგომ-სახელოსნოები საქართველოში"

ღონისძიებები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული - საქართველო 2015.

კვირეულის ფარგლებში, 10 ნოემბერს, 15:00 საათზე, ”ექსპო ჯორჯიას” მე-3 საგამოფენო პავილიონში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პალეოგარემოს რეკონსტრუქციისა და არქეოლოგიური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი

ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: პირველყოფილ ადამიანთა უძველესი სადგომ-სახელოსნოები საქართველოში".

ფუნქციურად და ტიპოლოგიურად უნიკალური, სტრატიფიცირებული ძველი ქვის ხანის ძეგლი - პალეოლითელი ადამიანების სახელოსნო, სახელწოდებით „ზიარი 2“ აღმოჩნდა კახეთში, გომბორის ქედზე, ზუსტად კირქვის ნედლეულის გამოსავალთან.

კირქვის ოვალისებურ ჩაღრმავებაში (ე.წ. “აბაზანაში”) რვა ლითოლოგიური ფენის დალექვის შედეგად, ფენები ურღვევია და წარმოდგენილია in situ მდგომერეობაში.

ქვის დამუშავების ტექნოლოგიისა და ტიპოლოგიის მიხედვით, მასალა დმანისის ინდუსტრიის მსგავსია (ოლდუვაის კულტურა) თუმცა, სჭარბობს კლექტონური მასალა (კლექტონური კულტურა 450-300000 წწ).

ერთ-ერთ ფენაში აღმოჩნდა კერა, დამწვარი შრე.

სახელოსნოდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს პირველყოფილ ადამიანთა სადგომი - „ზიარი-ფხოველი“, რომლის ასაკად წინასწარ განისაზღვრა მინდელ-რისის გამყინვარებათშორისი ეპოქა (450-300000 წწ).

“ზიარი-ფხოველის” V ფენაში აღმოჩნდა ადამიანის ყბის ნაშთი 2 კბილის სახით. მასალა შესწავლის პროცესშია.

გარკვეული სახეობების განამარხებული ფაუნისტური ნაშთები აღმოჩენილია ორივე ძეგლზე.

არცერთი ძეგლი არ არის დედაქანამდე გათხრილი. შესაბამისად, მოსალოდნელია მათი ბევრად უფრო ადრეული ასაკის დადგენა. გომბორის პალეოლითური ძეგლების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოპოვებული იქნება მომავალში მათი უახლესი მულტიდისციპლინური მეთოდებით კვლევების საშუალებით.

„ზიარი-ფხოველისა“ და „ზიარი 2-ის“ ადგილმდებარეობა, ბუნებრივი გარემო, ქვის ნედლეულის საბადოებთან ცენტრალური გზების სიახლოვე დიდ პერსპექტივას ქმნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო პრაქტიკისთვის როგორც კაცობრიობის ისტორიის უძველესი ეპოქების ზოგადი, კომპლექსური სწავლების კუთხით, ისე, ძველი ქვის ხანის ექსპერიმენტული არქეოლოგიის ლაბორატორიული კვლევებისთვის.

დრო: 10 ნოემბერი,15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ”ექსპო ჯორჯიას” მე-3 საგამოფენო პავილიონი (წერეთლის გამზ. №118)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები