ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნესტან-ნენე კვინიკაძის „ისპაჰანის ბულბულები“ - წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

28 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა წიგნები ბათუმში“ გიწვევთ ნესტან-ნენე კვინიკაძის პროზაული კრებულის პრეზენტაციაზე. წიგნს - სახელწოდებით, „ისპაჰანის ბულბულები“ - წარადგენენ წიგნის ავტორი, გამომცემელი მარი კორინთელი და მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე.

წიგნის შესახებ - მწერალი ლაშა ბუღაძე:

წიგნში ნესტან კვინიკაძის რომანები, მოთხრობები და პიესებია თავმოყრილი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კრებული უამრავ სხვადასხვა ამბავს, პერსონაჟს, ატმოსფეროს, ტონალობას, ბგერას თუ ფერს აერთიანებს, მკითხველს - ყოველ შემთხვევაში, ჩემნაირ მკითხველს - რჩება განცდა, რომ ავტორი ერთ დიდ, კონტრასტულ და ხშირად ექსცენტრულ ტრაგი-კომიკურ თამაშში ითრევს. ამ წიგნის ამბები ზოგჯერ აუტანლად რეალისტურია, ზოგჯერ კი მოულოდნელად ირეალური; აქ მშრალი თხრობა” დამაბნეველი სისწრაფით ენაცვლება სურათებით გადატვირთულ, შეიძლება კინოენისთვის ან სულაც პოეტური ტექსტისთვის დამახასიათებელ ნარატივს; აქ ერთმანეთს ენაცვლება დრამა და ყოფითი აბსურდი, ირაციონალური სიჯიუტე და საბედისწერო ვნება, სიყვარული, რომელიც ზოგჯერ ბანალური, ზოგჯერ აკვიატებული, ზოგჯერაც ფატალური და გარდაუვალია... ეს ვნება ყველა ამ ტექსტის გასაღებია, რადგან აქ დაბეჭდილი ტექსტები ნერვებისმომშლელი შეყვარებულების (ან შეყვარებულობის) და ტრანსად ქცეული სიყვარულის ქრონიკაა. ნენეს ტექსტები ჩემთვის ყოველთვის სრული სიახლეა; ყოველთვისორიგინალურია. ის არავის ჰგავს. მისი ტექსტები უნიკალურია ფორმით და ენით. ასე არავინ ჰყვება ამბებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, შესაძლოა უცნაურად მოგვეჩვენოს და გვეუცხოოს კიდეც, მაგრამ რაღაც დროს ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, ჩვენზეა და ჩვენ ირგვლივ ან, საერთოდც, ჩვენში ხდება. როცა ვინმე მეკითხება, რაიმე ისეთი ტექსტი ვურჩიო, რომელიც თანამედროვე, დახვეწილი და, უბრალოდ, კარგი საკითხავია, იმ ცოტა ავტორს შორის, რომლებიც, შესაძლოა, ამ დროს გამახსენდნენ, აუცილებლად ვასახელებ ნესტან კვინიკაძეს, რადგან მე უკვე დიდი ხანია მისი მკითხველი ვარ (ჯერ კიდევ „ისპაჰანის ბულბულებიდან”). ამ წიგნის გამო კი ისღა დამრჩენია, რომ ცნობილი მკითხველური შური გამოვთქვა ისეთი მკითხველების მიმართ, რომელნიც ახლა პირველად გაეცნობიან ნესტან კვინიკაძის ლიტერატურას - კარგი იქნებოდა, ისევ წინ მელოდეს მათი პირველად წაკითხვის სიამოვნება“.

დრო: 28 იანვარი, 19:00 საათ

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები