ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: მწერალსა და მთარგმნელ მიხეილ ანთაძესთან შეხვედრა

ღონისძიებები

7 ივნისს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ მწერალსა და მთარგმნელ მიხეილ ანთაძესთან შეხვედრაზე. სტუმარი ჟოზე სარამაგუს რომანების – „კაენი“ და „იესოს სახარება“ შესახებ ისაუბრებს.

ავტორის შესახებ

ჟოზე სარამაგუს (1922-2010) ნამდვილი გვარია დე სუზა. ის პორტუგალიის სოფელ აზინაგაში, გლეხის ოჯახში დაიბადა და მოგვიანებით ოჯახთან ერთად ლისაბონში გადავიდა საცხოვრებლად. ტექნიკური სასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ავტოშემკეთებლად, შემდეგ თარჯიმნობა სცადა და ერთხანს ჟურნალისტიც იყო.
სარამაგუმ წერა 58 წლის ასაკში დაიწყო. ის არაერთი რომანის, პოემის, ზღაპრისა და სხვა ლიტერატურული ნაწარმოების ავტორია. მისი ყველაზე ცნობილი რომანი „იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე.

„იესოს სახარების“ შესახებ

„იესოს სახარებას“ მალევე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასება. ვატიკანმა ნაწარმოებს „მკრეხელური“ უწოდა, მწერალი კი კანონიკურ სახარებათა პაროდიის დაწერისთვის მწვალებლად შერაცხა. თუმცა, იყო სხვაგვარი აზრიც – ლისაბონის კარდინალის სიტყვით, „არ არსებობს გონიერი მორწმუნე, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება".
ასეა თუ ისე, „იესოს სახარებამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ავტორის ბიოგრაფიაში და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ გახდა სარამაგუ პირველი პორტუგალიურენოვანი მწერალი, რომელსაც ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურაში.

„კაენის“ შესახებ

სარამაგუს ბოლო რომანი „კაენი“ ძველი აღთქმის „რემეიქია“. ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა ადამიანის შექმნასა და წარღვნას შორისაა მოქცეული, ხოლო მთავარ გმირად ღმერთის დაუცხრომელი ოპონენტი კაენი გვევლინება. ძმის მკვლელი კაენი უმისამართოდ დაეხეტება ბიბლიურ გზებზე, ხვდება იობს, აბრაამს, ნოესა და კაცობრიობის სხვა პატრიარქებს, ხედავს და ამტკიცებს მამაზეციერის უსამართლობასა თუ სისასტიკეს, ებრძვის მის დიქტატურასა და ავტორიტარიზმს, საბოლოოდ იმარჯვებს კიდეც. ეს საინტერესო, ემოციური, ირონიით აღსავსე ტექსტი მწერლის შემოქმედების ბრწყინვალე დამაგვირგვინებელი აკორდია. 

დრო: 7 ივნისი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები