ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მსოფლიო ძილის დღე

ღონისძიებები

15 მარტს, 12:00 საათიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  G კორპუსის 109-ე აუდიტორიაში ძილის მსოფლიო დღის აღსანიშნავად  მოხსენებას წაიკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნატო დარჩია. ამ დღეს დამსწრეებს შეეძლებათ მიიღონ პასუხები ძილთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო საკითხებზე და გაეცნონ ძილის სწორი ჰიგიენის რეკომენდაციებს.

ადამიანის დაინტერესება ძილით, როგორც უცნაური, სიკვდილთან გარკვეული ნიშნებით მსგავსი ფენომენით, ჯერ კიდევ უძველეს მითოლოგიურ ნაწარმოებებში შეინიშნება. ამ დროიდან მოყოლებული ძილის მიმართ ინტერესი იმდენად გაიზარდა და მეცნიერული კვლევების საფუძველზე იმდენად მრავლისმომცველი გახდა, რომ ძილის მსოფლიო დღეც კი დაწესდა.  2013 წლის 15 მარტს ძილის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი - ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორიაც უერთდება. აღნიშნულ კვლევით ცენტრსა და ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის არსებული  პარტნიორული პროექტის (SCOPES - IZ74Z0_137415) ფარგლებში  ამ დღეს ძილის ფენომენისადმი ცნობიერების ამაღლების კამპანია გაიმართება, რომლის მიზანია, საზოგადოებას სწორად მიაწოდოს ინფორმაცია იმ უდიდესი მნიშვნელობის შესახებ, რომელიც ძილს  აქვს ჩვენი ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის!

მაინც რატომ არის ძილი ასეთი მნიშვნელოვანი? ამ, ერთი შეხედვით, მარტივ კითხვაზე პასუხი საკმაოდ რთულია. თუ ფილოსოფიურად მივუდგებით და გერმანელი ფილოსოფოსის, არტურ შოპენჰაუერის სიტყვებს მოვიშველიებთ: ,,ძილი სიკვდილისათვის გადახდილი საფასურია. რაც უფრო მაღალია ეს ფასი და რაც უფრო რეგულარულად ვიხდით, მით უფრო ვშორდებით სიკვდილთან შეხვედრას". მიუხედავად იმისა, რომ შოპენჰაუერი ძილის ნეირობიოლოგიური კვლევებით არ იყო დაკავებული, მისი სიტყვები კარგად გამოხატავს იმ უდიდეს ძალას, რომელიც ძილს ჩვენს ცხოვრებაში აქვს. თუ მეცნიერულ კვლევებს განვიხილავთ,  თანამედროვე შეხედულება ძილის მნიშვნელობის შესახებ ცალსახად გვიჩვენებს, რომ ძილი ფუფუნება არ არის - სრულფასოვანი ძილი ნებისმიერ ასაკში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ნორმალური მენტალური თუ ფიზიკური მდგომარეობის, ემოციური წონასწორობის, ცხოვრების ხარისხის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის. ძილი ეს ის ბაზისური მოთხოვნილებაა, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე. ნებისმიერ საზოგადოებაში ყველაფერი იმგვარადაა ორგანიზებული, რომ ძილის მოთხოვნილების დაკმაყოფილება შევძლოთ; მოთხოვნილების, რომელიც ცივილიზაციისა და კულტურული დონისგან დამოუკიდებლად ისევე მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის, როგორც ჰაერი, საკვები და წყალი.

ძილის პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 45%-ის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს საფრთხეს  უქმნის. ამავდროულად, ძილის პრობლემების გარკვეული ნაწილი სათანადო და  გონივრული მიდგომით შესაძლოა გაუმჯობესდეს; ძილის სწორი ჰიგიენის დაცვა ძილის პრობლემების პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ბანერები