ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მოლიერის „სკაპენის ოინები“ - პრემიერა ილიაუნის თეატრში

ღონისძიებები

3, 4, 7 ივნისს ილიაუნის თეატრში მიმდინარე სეზონზე ბოლო, მეხუთე პრემიერა გაიმართება.

ჟან-ბატისტ მოლიერის პიესას - „სკაპენის ოინები“ - რეჟისორი გოგა ქაჩიაბაია წარმოგიდგენთ. სპექტაკლში გამოყენებულია ნაწყვეტები პიესის აკაკი წერეთლისეული თარგმანიდან და ჟღერს იტალიური ხალხური მუსიკა და სიმღერა.

სპექტაკლში ილიაუნის თეატრის მსახიობები თამაშობენ. ასევე, სპეციალურად „სკაპენის ოინებისთვის“ ილიაუნის თეატრმა სამი მსახიობი თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრიდან მოიწვია. სპექტაკლის მხატვარია ლევან ჭიჭინაძე; კოსტიუმები შეასრულა ციცინო ციცხვაიამ, ხოლო დეკორაცია დამზადდა ილიაუნის თეატრის სახელოსნოში.

პიესა „სკაპენის ოინები“ კომედია დელ’არტეს კლასიკურ სქემას მიჰყვება და „10 ძირითადი ნიღბისგან“ შედგება: ორი შეყვარებული ბიჭი, რომლებიც მამების რისხვას გაურბიან; ორი მშვენიერი, მაგრამ გაურკვეველი წარმომავლობის ღარიბი გოგო; ორი მდიდარი მამა, რომლებიც სახლში ბრუნდებიან, რათა შეყვარებული ბიჭები სულ სხვა გოგოებზე დააქორწინონ; მსახური, კაპიტანი, მოახლე ქალი და ყოვლისშემძლე სკაპენი, რომელიც ორ წუთში ახვევს თავბრუდამხვევ ოინებს, რათა დაამარცხოს სიძუნწე, დაეხმაროს შეყვარებულ ბიჭებს, ბედნიერება გაამეფოს ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქ ნეაპოლში და თეატრალური დარბაზი სიცილსა და მხიარულებაში გახვიოს.

ილიაუნის თეატრში მოლიერი კიდევ ერთხელ შეეჯიბრება იტალიურ კომედია დელ’არტეს და ქართველ მაყურებელს შეახსენებს – სკაპენი რომ არა, მსოფლიო დრამატურგიას არც ფიგარო ეყოლებოდა.

სპექტაკლი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები