ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მე-7 საერთაშორისო ყოველწლიური კონგრესი კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში

ღონისძიებები

28-29 ივნისს საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია (GAEM) მეშვიდედ გამართავს საერთაშორისო ყოველწლიურ კონგრესს კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში.

კონგრესის პარტნიორები არიან:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოება, ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება  და ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა „ჰელსიკორი“.

გახსნაში მონაწილეობას მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი გიორგი გვალია.

ამ მნიშვნელოვან პლატფორმაზე აუდიტორიას ცოდნასა და კლინიკურ გამოცდილებას გაუზიარებენ როგორც ქართველი, ისე მოწვეული უცხოელი ექსპერტები, მათ შორის ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი ჟერომ ბერთერატი და ამერიკის ენდოკრინოლოგიური საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი გერი ჰემერი, ონლაინ ჩაერთვება ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი ჰელენა ტიიდი.

კონგრესის თემატიკა მოიცავს ენდოკრინოლოგიის თანამედროვე გამოწვევებსა და პრაქტიკულ საკითხებს: ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლების პათოლოგიებს, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებებს, დიაბეტსა და სიმსუქნეს, ლიპიდური ცვლის დარღვევებს, რეპროდუქციულ ენდოკრინოლოგიას, კალციუმის ბალანსსა და ძვლის ჯანმრთელობას.

ღონისძიების სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ენდოკრინოლოგები, ოჯახის ექიმები, თერაპევტები, კარდიოლოგები, გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები და სხვა დარგის სპეციალისტები.

რეგისტრაცია ხელმისაწვდომია კლინიკური რეზიდენტებისთვისაც, თუმცა მათთვის ადგილები შეზღუდულია − მხოლოდ 30 მონაწილე.

კონგრესზე უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხის სინქრონული თარგმანი.

ღონისძიებაზე დასწრება ფასიანია: ექიმებისთვის რეგისტრაციის ღირებულებაა 300, ხოლო რეზიდენტებისთვის − 250 ლარი.
სტუდენტთა დასწრება გათვალისწინებული არ არის.

რეგისტრაციისთვის საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება და შესაბამისი თანხის გადარიცხვა ასოციაციის ანგარიშზე. მხოლოდ ფორმის შევსება რეგისტრაციის დასრულებად არ ითვლება − აუცილებელია ორივე პირობის შესრულება.

ასოციაციამ ასევე წარადგინა განაცხადი ევროპის უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაციის საბჭოში. საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების შემთხვევაში კონგრესის მონაწილე ექიმებს მიენიჭებათ შესაბამისი ევროპული კრედიტქულები უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია რეგისტრაციის პროცედურასა და გადასახადებზე ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.conference.gaem.ge

დრო: 28-29 ივნისი

ადგილმდებარეობა: სასტუმრო Radisson Blu Iveria, ვარდების მოედანი N1

2025

ბანერები