ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მალხაზ თორიას საჯარო ლექცია: იმპერიული მემკვიდრეობები, პოლიტიკური/სიმბოლური საზღვრები და ეთნიკური ”გამიჯვნის” პოლიტიკა აფხაზეთში

ღონისძიებები

8 აპრილს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ისტორიკოსისა და კულტურის მკვლევრის, ისტორიის დოქტორის, მალხაზ თორიას, საჯარო ლექციაზე – იმპერიული მემკვიდრეობები, პოლიტიკური/სიმბოლური საზღვრები და ეთნიკური ”გამიჯვნის” პოლიტიკა აფხაზეთში.

ლექცია ჩატარდება „საბჭოთა პარადიგმების“ შეხვედრების ციკლის ფარგლებში.

რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნამ დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს კულტურული და ეთნიკური ლანდშაფტის ჩამოყალიბებაზე. ეს კარგად ჩანს აფხაზეთის მაგალითზე, სადაც პოლიტიკური და სიმბოლური/ეთნიკური მიჯნების გავლების პრაქტიკამ და ეთნიკური განსხვავებების პოლიტიზაციამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღება. აფხაზეთში ეთნო-პოლიტიკური დაპირისპირების სათავე შეიძლება გვიან ცარისტულ და, განსაკუთრებით, საბჭოთა პერიოდში ვეძიოთ. კერძოდ, საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკა – კორენიზაცია – მიზნად ისახავდა ლოკალური ეთნიკური იდენტობების მიზანმიმართულ განვითარებას: უკვე მკაფიოდ ნაციონალური თვითშეგნების მქონე ერების შემთხვევაში იდენტობის „გამყარებას“, ხოლო ამ მხრივ „ჩამორჩენილ“ ჯგუფებში - ეთნიკური იდენტობის მარკერების ხელოვნურად შექმნასაც კი.

ყველაფერი ეს ორგანულად იყო გამჯდარი საბჭოთა იდეოლოგიის კონტექსტში, რაც ევროპული ევოლუციონიზმის მარქსისტულ-ლენინისტურ ვარიაციას წარმოადგენდა. ამ პარადიგმაში ნაციონალური იდენტობა განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპი სოციალიზმისა და, შემდეგ, კომუნიზმის მიღწევის გზაზე. შედეგად, საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციული დაყოფა სწორედ ერთნო-ტერიტორიულ პრინციპს ემყარებოდა. მაგალითად, აფხაზებმა მიიღეს „სატიტულო“ ეთნოსის სტატუსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში. მოგვიანებით, ავტონომიურმა სტრუქტურებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს აფხაზურ სეპარატისტულ მოძრაობაში. 

დრო: 8 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები