ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

LIVE-შეხვედრების სერია: თანამედროვე რუსეთის სისტემური მახასიათებლები და მათი პარალელები/გავლენები პოსტსაბჭოთა საქართველოში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას.

მეორე შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი გამართავს. 

თემა: „თანამედროვე რუსეთის სისტემური მახასიათებლები და მათი პარალელები/გავლენები პოსტსაბჭოთა საქართველოში“

ლექციის შესახებ: 

გვსურს თუ არა, რუსეთი ის რეგიონული მოთამაშე და დომინანტური ძალაა, რომლის ანალიზის გარეშე საკუთარი ეროვნული ისტორიისა და დღევანდელობის გაგება შეუძლებელია. საქმე მარტო ის არ არის (თუმცა არც უმაგისობაა), რომ თანამედროვე ქართველი ერი რუსულ-საბჭოური იმპერიის წიაღში ჩამოყალიბდა იმ ფორმითა და ღირებულებათა სისტემით, რომელიც მას დღეს აქვს. არც მარტო ის არის აღსანიშნავი, რომ თანამედროვე რუსეთი ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი საგარეო-პოლიტიკური გამოწვევაა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რატომ ხდება ასე, რა შინაგანი სტრუქტურები თუ კულტურის ელემენტები მოქმედებს რუსეთში, რომლებიც მას საქართველოსათვის მთავარ უსაფრთხოებით პრობლემად აქცევს. ამასთან, და ზემოთქმულიდან გამომდინარე, რუსეთის კვლევა ჩვენივე თავის გასაგებად გვჭირდება: ჯერ კომუნისტური, შემდეგ კი პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციები რუსეთსა და საქართველოში (ისევე, როგორც უკრაინაში, სომხეთში და ა.შ.) დიდი მსგავსებით წარიმართა. დღევანდელი რუსული საზოგადოებრივი დისკურსის თუ ეკონომიკური სტრუქტურების ანალიზი აჩვენებს, რომ, მიუხედავად ჩვენს შორის არსებული სრული პოლიტიკური გაუცხოებისა, იქ და აქ უამრავი საერთოა. ან ეს გაუცხოება არის კი თვისებრივი? ამ და სხვა მომიჯნავე თემებზე იქნება საუბარი ჩვენს ონლაინლექციაზე.

მომხსენებლის შესახებ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, დავით დარჩიაშვილის აკადემიური ინტერესი ფოკუსირდება სოციალურ თეორიებზე, მათი მეშვეობით თანამედროვე საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ახსნაზე. იგი აგრეთვე კითხულობს ლექციებს ისტორიის თეორიაზე, რუსეთის ისტორიაზე. საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთოებაზე. წლების მანძილზე უშუალოდ მონაწილეობდა ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

დრო: 7 ივლისი, 20:00 საათი 

ადგილი:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი

ბანერები