ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

LIVE-შეხვედრების სერია: რატომ უნდა გვახსოვდეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას.

სერიის პირველ შეხვედრას მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯისა (აშშ) და ილიაუნის პროფესორი სტივენ ჯონსი გამართავს. 

შეხვედრის თემა: „რატომ უნდა გვახსოვდეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“

ლექციის შესახებ 

2018 წლის მაისში საქართველოში აღინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი. თუმცა მისი არსებობის შესახებ ცოტა ვიცით. საქართველოსა და ევროპის ისტორიის ეს ნაწილი მეტწილად მივიწყებულია. თბილისში ნაკლებად არის ძეგლები თუ ქუჩები, რომლებიც საქართველოს პირველ რესპუბლიკას მოგვაგონებენ. 1918-21 წლებში კი სრულიად განსხვავებული ვითარება იყო: საქართველოს რესპუბლიკა რუსეთს, ოსმალეთის იმპერიასა და დიდ ბრიტანეთს შორის მძაფრი გეოპოლოტიკური კონკურენციის წყაროს წარმოადგენდა და ამავე დროს სოციალიზმის შესახებ ევროპული დებატების მთავარ საკითხად იქცა. საქართველო ბოლშევიზმის უფრო ჰუმანურ სოციალისტურ ალტერნატივად განიხილებოდა. თუმცა, მოცემულ პერიოდში მისი ამგვარი მნიშვნელობის მიუხედავად, დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკა ისტორიული ნარატივის „დანამატს“ წარმოადგენს. ქართველების უმეტესობამ ცოტა რამ თუ იცის თავიანთი ქვეყნის ამ ინოვაციური და პოლიტიკურად შემოქმედებითი პერიოდის შესახებ.

ვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე:

  • რატომ მიეცა დავიწყებას საქართველოს პირველი რესპუბლიკა?

  • რა განაპირობებდა საქართველოს რესპუბლიკის მნიშვნელობას მის თანამედროვე პერიოდში? 

  • ვინ იყვნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის „დამფუძნებელი მამები“ და რა იყო მათი მიზანი? 

  • რატომ უნდა გვახსოვდეს საქართველოს პირველი რესპუბლიკა? 

  • რა სახის მემკვიდრეობა დაგვიტოვა მან? გვაძლევს თუ არა გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას, გვასწავლის თუ არა რამეს? 

მომხსენებლის შესახებ:

პროფესორმა სტივენ ჯონსმა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში 1984 წელს მოიპოვა. იგი ასწავლიდა კალიფორნიის, ლონდონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი და ოქსფორდის უნივერსიტეტის სენტ ენტონის კოლეჯის უფროსი ასოცირებული წევრი. 1989 წლიდან ასწავლის მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯში (აშშ). ჯონსის ნაშრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალურ დემოკრატიამდე, 1883-1917“ (Harvard University Press, 2005); „ომი და რევოლუცია კავკასიაში: საქართველო ცეცხლის ალში” (რედ., Routledge, 2010); „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ (I.B. Tauris, 2012) და „თანამედროვე საქართველოს დაბადება: პირველი ქართული რესპუბლიკა და მისი მემკვიდრეები, 1918-2010″ (რედ., Routledge, 2013). პროფესორი ჯონსი „ქართლის ცხოვრების“ ინგლისური თარგმანის მთავარი რედაქტორი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და არტანუჯი, 2014) და ნოე ჟორდანიას სიტყვებისა და ნაშრომების სამტომეულის მთავარი რედაქტორია (ქართულენოვანი კრებული). პროფესორი ჯონსი არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (2012) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (2018) პროფესორი. 

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 24 ივნისი, 19:00 საათი 

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი

ბანერები