ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

LIVE-შეხვედრების სერია – ნაპოლეონის აღმოსავლური ამბიციები: საქართველო და ევროპის სახელმწიფოთა ინტერესები ახლო აღმოსავლეთში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას.

სერიის მეორე შეხვედრას ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შრევეპორტი) სრული პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე გამართავს. 

შეხვედრის თემა: „ნაპოლეონის აღმოსავლური ამბიციები: საქართველო და ევროპის სახელმწიფოთა ინტერესები ახლო აღმოსავლეთში“

ლექციის შესახებ

მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ევროპის სახელმწიფოები ერთ-ერთი ყველაზე რთული და ხანგრძლივი დიპლომატიური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ – ეს იყო აღმოსავლეთის საკითხი, რომელიც ოტომანების დასუსტებული იმპერიის წინააღმდეგ მათი კონკურენტული ინტერესების საფუძველზე წარმოიშვა. საფრანგეთის რევოლუციასა და ნაპოლეონის ომებს აღმოსავლეთში ევროპელთა ინტერესების ესკალაცია მოჰყვა. როდესაც, ბრიტანეთში შეჭრის ნაცვლად, ბონაპარტმა ეგვიპტის ლაშქრობა წამოიწყო, რათა ინდოეთთან ბრიტანეთის კავშირი გაეწყვიტა, ბრიტანეთმა და რუსეთმა დაუყოვნებლივ გაგზავნეს სამხედრო ხომალდები ხმელთაშუაზღვისპირეთში. მომდევნო ფართომასშტაბიანი კრიზისი ნაპოლეონის ომებმა გამოიწვია, როდესაც საფრანგეთმა, რუსეთმა და ბრიტანეთმა გააცნობიერეს, რომ აღმოსავლეთში ინტერვენცია სერიოზულ საჭიროებად იქცა და მაქსიმალურად შეეცადნენ, ადგილობრივი რეალობა თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ.

პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე განიხილავს ევროპის სახელმწიფოთა ინტერესების დაპირისპირებას ოტომანების იმპერიასა და ირანში და საქართველოს როლსა და ადგილს ამ დაპირისპირებაში. როგორც უნდა განვსაზღვროთ აღმოსავლეთის საკითხი, მან დიდი როლი ითამაშა ნოპოლეონის დიპლომატიაში. 1802 წელს, ოტომანების იმპერიასთან დაზავების შემდეგ, ნაპოლეონის მთავარი ამოცანა იყო, მაქსიმალურად ესარგებლა შექმნილი სიტუაციით. თუმცა პორტე, რომელსაც ნაპოლეონის ომების დასაწყისში ნეიტრალური პოზიცია ეკავა, თანდათანობით რუსეთს დაუახლოვდა. ნეპოლეონმა დიდი ძალისხმევა გასწია, რომ რუსეთ-თურქეთის კოალიცია დაეშალა და, ამავე დროს, ირანი მიემხრო. ამ ამოცანების განხორციელებას ხელი შეუწყო საფრანგეთის 1805 და 1806 წლების ბრწყინვალე გამარჯვებებმა. 1806 წელს ოტომანების იმპერიამ რუსეთს ომი გამოუცხადა და უცხოური ხომალდებისათვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ჩაკეტა. ბრიტანეთმა თურქეთისათვის ხელის შეშლა სცადა, თუმცა მისი 1807 წლის საზღვაო ოპერაცია მარცხით დასრულდა და ოტომანების იმპერია კვლავ საფრანგეთის მხარეს დარჩა. 1806 წელს ნაპოლეონმა ირანთან ფინკენშტაინის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, ირანი მას ინდოეთის ლაშქრობაში დაეხმარებოდა, სამაგიეროდ, საფრანგეთი აღიარებდა ირანის ინტერესებს საქართველოს მიმართ და საბრძოლო დახმარებას გაუწევდა რუსეთთან დაპირისპირებაში. ეს, ერთი შეხედვით, წარმატებული პოლიტიკა აღმოსავლეთში საგრძნობლად შეიცვალა და შესუსტდა, როცა ნაპოლეონმა თავისი აღმოსავლელი პარტნიორებისგან პირი იბრუნა და რუსეთთან მოკავშირეობა გადაწყვიტა – ამ გადაწყვეტილებას უმნიშვნელოვანესი შედეგები მოჰყვა ყველა მონაწილე მხარისთვის.

მომხსენებლის შესახებ:

ალექსანდრე მიქაბერიძე ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შრევეპორტი) სრული პროფესორი და ჯეიმს სმიტ ნოელის იშვიათი წიგნების კოლექციის კურატორია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაასრულა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. მას შემდეგ უკვე თითქმის ოცი წელია მოღვაწეობს აშშ-ში, კითხულობდა ლექციებს ფლორიდისა და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, აშშ-ის უმაღლეს სამხედრო საზღვაო კოლეჯსა და აშშ-ის სამხედრო აკადემიაში ვესტ-პოინტში; ავტორია რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიის და ოცზე მეტი წიგნისა რომლებიც თარგმნილია რამდენიმე ენაზე. მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სამხედრო აკადემიის (ვესტ პოინტის) ახალი სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნაში. 2020 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა მისი ფუნდამენტური კვლევა – “The Napoleonic Wars: A Global History”, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამჟამად ხელმძღვანელობს ნაპოლეონის ეპოქაზე კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ წამოწყებულ საგამომცემლო პროექტს, რომელშიც მსოფლიოს 100-მდე ისტორიკოსია ჩაბმული. 

დრო: 3 ივლისი, 19:00 საათი 

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი

ბანერები