ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლიდერობის კურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

18 მარტიდან ყოველ ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ლიდერობის კურსის ფარგლებში გაიმართება მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მერსი ტემბონისა და გამოფენების ცენტრის დირექტორის, ასოცირებული პროფესორის, რესან ქიქავას შეხვედრები სტუდენტებთან.

ლიდერობის კურსი უპირველესად საკუთარი თავის აღმოჩენის, მართვისა და განვითარების კურსია. ის საშუალებას მისცემს სტუდენტს, დაფიქრდეს საკუთარ ღირებულებებზე, მიზნებსა და ამ მიზნების მიღწევის გზებზე.

შეხვედრებზე ასევე განხილული იქნება გუნდების ლიდერობასთან დაკავშირებული ძირითადი თეორიული და პრაქტიკული საკითხები, განიხილება მსოფლიოს წამყვანი ბიზნესსკოლების მიერ მომზადებული ქეისები.


მომხსენებლების შესახებ:

მერსი ტემბონი

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი (ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი) მერსი ტემბონი სამხრეთ კავკასიის რეგიონს 2015 წლის 1-ლი ოქტომბრიდან კურირებს და ბაზირებულია საქართველოში.

ტემბონი კამერუნის მოქალაქეა. იგი მსოფლიო ბანკს 2000 წელს შეუერთდა, როგორც აფრიკის რეგიონის ადამიანის უფლებათა განვითარების დეპარტამენტის განათლების სპეციალისტი. მისი სამუშაო გამოცდილება უფლებათა განვითარების სფეროში მოიცავს რამდენიმე რეგიონსა და სხვადასხვა ტექნიკურ და მენეჯერულ თანამდებობას აფრიკის რეგიონში.
ტემბონს აქვს კლიენტებთან მუშაობის მდიდარი გამოცდილება ქვეყნის მასშტაბით სტრატეგიებისა და პროგრამების განხორციელების კუთხით. იგი ხელმძღვანელობდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობებს სხვადასხვა ქვეყანაში და წარმატებით თანამშრომლობდა დაინტერესებულ მხარეებსა და სხვა პარტნიორებთან. ტემბონის სამუშაო გამოცდილებიდან აღსანიშნავია ტანზანიის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა გახანგრძლივებული ვადით. ბოლო დროს იყო ბურკინა–ფასოს წარმომადგენლობითი ოფისის მენეჯერი.


რესან ქიქავა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი რესან ქიქავა სს „გამოფენების ცენტრის“ დირექტორია 10-წლიანი მენეჯერული გამოცდილებით საბანკო, საკონსულტაციო, უძრავი ქონებისა და ნავთობპროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებებით. 2010-2013 წლებში ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), ერთ-ერთ საერთაშორისო ტრეიდერულ კომპანიაში ეკავა ჯერ რისკების მენეჯერის, შემდეგ – გენერალური დირექტორის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში რესან ქიქავა იყო ბრიტანული კომპანია Virgin-ის სტრატეგიული კონსულტანტი, აგრეთვე რამდენიმე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის კონსულტანტი მენეჯმენტისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებებით. 2005-2006 წლებში იყო სამშენებლო კომპანია „იბერიის“ პროექტის დირექტორი, ხოლო 2003-2005 წლებში – სს „თიბისი ბანკის“ კომერციული კრედიტების მენეჯერი.

რესან ქიქავა ფლობს ლონდონის Imperial College London Business School-ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხსა და Imperial College-ის დიპლომს, აგრეთვე ESM-თბილისის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სახელმწიფოს მართვის სპეციალობით.


სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 18 მარტი - 29 ივნისი (ყოველ ორშაბათს), 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები