ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია

დისკუსიები

8 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე „ქვიარ ტრავმა და ურბანული სივრცე: სხეული, ინტერაქცია და ყოველდღიური ცხოვრება“.

კვლევის ავტორები და მომხსენებლები

  • სალომე შიუკაშვილი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობს ზრდასრულთა შეფასებისა და კონსულტირების მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესებია: სექსუალური და გენდერული უმცირესობის ჯგუფების გამოცდილებები, უმცირესობის სტრესი და ქრონიკული ტრავმა, კრიმინალური ქცევის გენდერული განზომილებები. სალომე შიუკაშვილი, როგორც კონტრაქტორი ფსიქოლოგი, კვლევისა და კონსულტირების მიმართულებით თანამშრომლობს როგორც საჯარო სექტორთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
  • გიორგი კანკია, ურბანგეოგრაფი სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხით.  აქვს ურბანული და რეგიონული დაგეგმარებისა და გრანადის უნივერსიტეტის ურბანისტიკის მაგისტრის ხარისხი. ასევე – რამდენიმეწლიანი გამოცდილება ქალაქების კვლევის, დაგეგმარების, სივრცითი ანალიზისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის სფეროში. თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანაზაციებთან. კვლევითი ინტერესი: დაკვირვება სივრცის და ურბანული ნაშენი გარემოსა და ადამიანების ურთიერთობაზე.


კვლევის შესახებ

ქართულ საჯარო სივრცეში ნაკლები ყურადღება ეთმობა, როგორ აისახება აქტივიზმის სხვადასხვა ფორმა ქვიარ თემის წარმომადგენელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე დაგროვებულ ტრავმულ გამოცდილებათა ქრონიკულ ხასიათს. ყურადღების მიღმა რჩება ქვიარ ადამიანების ინტერაქციაც იმ ურბანულ გარემოსთან, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება, მუშაობა, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება. კვლევა, რომელიც ქვიარ ადამიანებთან სიღრმისეულ ინტერვიუებს ეყრდნობა და განიხილავს მათ ურთიერთობას ურბანულ სივრცეში და მასთან ინტერაქციის ფორმებს ტრავმული შემთხვევების კონტექსტში, აჩვენებს, რომ ეს ურთიერთობა ორმხრივი ხასიათისაა. ერთი მხრივ, სოციალური და ნაშენი გარემო იწვევს საფრთხის შეგრძნების, ტრავმული გამოცდილების მუდმივ მოლოდინსა და წარმოსახვითი თუ რეალური თავდასხმის მსხვერპლად აქცევს ქვიარ ადამიანებს. მეორე მხრივ, წარსულის ტრავმული გამოცდილებების შედეგად ისინი თავად აყალიბებენ და უცვლიან ფორმას როგორც საკუთარ თავს, ასევე მათ გარშემო ფიზიკურ თუ სოციალურ სივრცეს. ასე იკვეთება უსაფრთხო სივრცის, ქვიარ სხეულისა და იმ სტრატეგიების ფლუიდური, მუდმივად ცვლადი ხასიათი, რასაც ისინი სივრცესთან სოციალური ინტერაქციისას მიმართავენ.

კვლევა საინტერესო იქნება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, გენდერის მკვლევრებისთვის) არქიტექტურისა და ურბანული სივრცის მკვლევრებისთვის, აქტივისტებისთვის.

კვლევა ჩატარდა ორგანიზაცია WISG-ის (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) ფინანსური მხარდაჭერით.

დრო: 8 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32

სამუშაო ენა: ქართული

დასწრება თავისუფალია.

 2023 

ბანერები