ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების მოკლე კურსი დოქტორანტებისათვის

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა დოქტორანტებს კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების მოკლე კურსს სთავაზობს. კურსის მონაწილეები ინტერაქციულად შეისწავლიან კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების 4 ეტაპს: I –

სამეცნიერო კვლევის სისტემური მეთოდებისა და მიდგომების მიმოხილვა, ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის შეკითხვის დასმა, II –კვლევის მეთოდის შერჩევა, კაუზალური და კორელაციური დიზაინი, კონტროლირებული ექსპერიმენტები, III –მონაცემების დამუშავება, მონაცემთა ანალიზის მიდგომები და მეთოდები, IV –შედეგების განხილვა და ანალიზი. 

ოთხნაწილიანი კურსის პირველ და მესამე ნაწილს გაუძღვება პროფესორი ერეკლე მაღრაძე, ხოლო მეორე და მეოთხე ნაწილს პროფესორი ნინო ჯავახიშვილი (იხილეთ მოკლე ბიოგრაფიები). თითო თემას დაეთმობა ერთი კვირა, ყოველ კვირას იქნება შეხვედრა პროფესორთან, დამოუკიდებელი მუშაობა დავალებებზე და პრეზენტაცია (პპტ ფაილის დახმარებით).

კურსის დაწყებამდე სტუდენტებს მიეწოდებათ საკითხავი მასალა, რომელიც პროფესორთან შეხვედრისათვის მათ უკვე წაკითხული უნდა ჰქონდეთ, რათა პროფესორთან შეხვედრის დრო გამოიყენონ მასალისა და საკითხების სიღრმისეული გააზრებისა და შეკითხვების დასმისათვის. 

შეხვედრაზე პროფესორები, საკითხავი მასალის გარდა, სტუდენტებს შესთავაზებენ მოკლე სავარჯიშოებს. ასევე თითოეული სტუდენტი მოამზადებს ოთხ პრეზენტაციას პროფესორთან შეთანხმებულ თემაზე (ეს შეიძლება იყოს მისი სადოქტორო ნაშრომის თემა ან რომელიმე სხვა თემა) და გააკეთებს ერთ პრეზენტაციას ყოველ კვირაში.

კურსის დასრულების შემდეგ დასწრების სერტიფიკატს მიიღებს ყველა მონაწილე.

ვორკშოპის ხელმძღვანელები: პროფ. ნინო ჯავახიშვილი, პროფ. ერეკლე მაღრაძე

წინასწარ წასაკითხი სავალდებულო ლიტერატურა: ტექსტი ხელმისაწვდომი გახდება

მსურველებისთვის რეგისტრაციის შემდეგ.

ფორმატი: On-line კურსი

სამუშაო ენა: ქართული

მონაწილეთა რაოდენობა: 15

თარიღები და დროები:

8.06.2020, ორშაბათი, 11:00 -14:00

I სამეცნიერო კვლევის სისტემური მეთოდების და მიდგომების მიმოხილვა, ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის კითხვის დასმა.

15.06.2020, ორშაბათი, 11:00 -14:00

II კვლევის მეთოდის შერჩევა, კაუზალური დაკორელაციური დიზაინი, კონტროლირებული ექსპერიმენტები.

22.06.2020, ორშაბათი, 11:00 -14:00

III მონაცემების დამუშავება, მონაცემთა ანალიზის მიდგომები და მეთოდები.

29.06.2020, ორშაბათი, 11:00 -14:00

IV შედეგების განხილვა და ანალიზი.

 

რეგისტრაცია: წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა და მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპი. სარეგისტრაციო ვადის ბოლო დღეა 2020 წლის 3 ივნისი, 18:00. გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ონლაინ ანკეტის მეშვეობით: https://forms.gle/wJ7oHvMp3NQVVeJ56 

ვორკშოპის ხელმძღვანელების შესახებ: 

პროფესორი ნინო ჯავახიშვილი ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამივე საფეხურის სტუდენტებს და ფსიქოლოგიის პროგრამას უძღვება. მან სწავლებისა და კვლევის გამოცდილება მიიღო ოქსფორდის (1996-1997), ჰეთფილდის (1999), ზაარლანდის (2002, 2009, 2011), ვასედას (2010), რატგერსის (2009), კალიფორნიის ლოს ანჟელესის (2005-2009), მაიამის (2017-2018) უნივერსიტეტებში. სამაგისტრო კურსებისა და მოხსენებებისათვის პროფესორი ჯავახიშვილი მიიწვიეს ვენის, ტუშას, ჰელსინკის, გრანადის, გლაზგოს, პარიზის დიდროს, ლიონის ლუმიერის, თესალონიკის უნივერსიტეტებში. ნინო ჯავახიშვილს გამოქვეყნებული აქვს სტატიები როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ გამოცემებში (312 ციტირება Scopus-ის ბაზაში). პროფესორი ჯავახიშვილი თანამშრომლობს და რეკომენდაციების აწვდის ისეთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორებიცაა: საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო, World Bank, USAID, SIDA, UNIFEM, UN Women, UNFPA, EBRD და სხვ. 

ასოცირებული პროფესორი ერეკლე მაღრაძე ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების საგნებს, ასევე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ კამპუსში კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტებს და არის ქართული კამპუსის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის კოორდინატორი. ერეკლე მაღრაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი მოთხოვნების და ბაზრის გამოწვევების გათვალისწინებით ქმნის და ავითარებს ქართული და ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამებს. ასევე ხელმძღვანელობს ილიაუნის გამოთვლით ცენტრს, რომელიც ერთადერთი საუნივერსიტეტო გამოთვლითი ცენტრია საქართველოში. 

ერეკლე მაღრაძემ 2006 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით, ხოლო 2009 წელს მაგისტრის ხარისხი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მათემატიკური მოდელირების მიმართულებით. 2008 წლიდან ჩართული იყო ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN), ATLAS ექსპერიმენტში. მისი კვლევა დაკავშირებული იყო განაწილებული და პარალელური გამოთვლითი სისტემების შექმნასთან და ექსპერიმენტული მონაცემების ეფექტურ შენახვასა და ანალიზთან. 2011 წელს მან სწავლა განაგრძო გიოტინგენის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე (GAUSS), ასევე გახდა CERN-ის ATLAS ექსპერიმენტის კვალიფიციური წევრი გოტინგენის უნივერსიტეტის ფიზიკის II ინსტიტუტიდან. მისი სადოქტორო კვლევა დაკავშირებული იყო გამოთვლითი კლასტერული სისტემების მართვის ავტომატიზაციასთან მონაცემთა ანალიზისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით. 2016 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო ნაშრომი და მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკაში, კერძოდ გამოთვლითი ფიზიკის მიმართულებით. ერეკლე მაღრაძის მოხსენებებმა გაიმარჯვა საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე (NEC2013, CHEP2015). დღეს ის აქტიურადაა ჩართული მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებასა და სასწავლო მასალის ქართულ ენაზე შექმნაში. ამავე მიმართულებით ჩართულია პრაქტიკულ მუშაობაში, როგორც კომპანია MaxinAI-ის ინჟინერიის მიმართულების დირექტორი. ერეკლე მაღრაძე ასევე DevOps Georgia საზოგადოების დამფუძნებელია. ამ საზოგადოების ფარგლებში ჩატარებული კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზებით ცდილობს ხელი შეუწყოს ღია კოდის პრინციპზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფისა და თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის დანერგვასა და განვითარებას.


ბანერები