ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კნუტ ჰამსუნის „პანის“ პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

22 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ უდიდესი ნორვეგიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კნუტ ჰამსუნის (1859-1950) „პანის“ ახალი ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე.

ამ ტექსტს კნუტ ჰამსუნის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მასში სრულად და ზუსტად აისახა მწერლის შემოქმედების მთავარი თემები – თემა სიყვარულ-სიძულვილისა და ზეადამიანისა, რომელსაც ხელეწიფება როგორც გმირობის, ასევე დანაშაულის ჩადენა.

წიგნის მთავარი გმირები ლეიტენანტი თომას გლანი და ადგილობრივი ვაჭრის, მაქის ქალიშვილი ედვარდა არიან. რომანიც მათი მგზნებარე და დაუნდობელი სიყვარულის და, ზოგადად, ადამიანის გონების ლირიკული აღწერაა. მოქმედება ჩრდილოეთ ნორვეგიაში ვითარდება, ნურლანდის ტყისა და ზღვის ფონზე, რომელთა სილამაზესაც ჰამსუნი მსუყე ფერებით გვიხატავს.

მწერლის მიზანი მცირე მოცულობის, ყოველგვარი პოლემიკისგან დაცლილი ლირიკული ნაწარმოების შექმნა იყო. „პანი“ მიიჩნევა ნეორომანტიკის სახარებად, რომლის თითოეული თავი პოეზიის ნიმუშია.

წიგნს სკანდინავიური ცენტრის დირექტორი კახაბერ ლორია და რედაქტორი რუსუდან კოტეტიშვილი წარადგენენ.

დრო: 22 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები