ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა

ღონისძიებები

ქართულ საზოგადოებაში, მის კულტურულ და სახელოვნებო ნაწილში,  ათწლეულებია ისმის აზრი, რომ ეროვნული კინემატოგრაფი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია. ამ შემთხვევაში, უპირველესად, ახალი ქართული ფილმების ხარისხს გულისხმობენ და მთავარი კრიტიკაც სწორედ კინოშემქნელებზე მოდის; ჩვენი პროექტის მიზანია არსებული პრობლემა უფრო ფართო კონტექსტში იქნეს განხილული და დაისვას კონკრეტული კითხვები: რა მდგომარეობაშია დღეს ამ დარგის თეორიული მხარე, თავად კინოს თეორია? სწავლების რა დონე გვაქვს ამ მხრივ აკადემიურ სასწავლებლებში? რა ძირითადი გამოწვევები უდგას ამ დისციპლინას მსოფლიოში?

ჩვენი მიზანია ამა წლის ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, მის ერთ-ერთ სამთო სასტუმროში, ყაზბეგში, ერთი კვირით ჩავატაროთ კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა. პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო მკვლევარ-ექსპერტების ჩამოყვანას და ამ დარგის ქართველი ლექტორ-პროფესორების მოწვევას, რომლებიც სკოლის მონაწილეებს საკუთარ ხედვებს გაუზიარებენ და სხვადასხვა თემის შესახებ გამართავენ ლექციებს. ჩვენი სურვილია, პროექტში ჩავრთოთ სტუდენტები განსხვავებული, მაგრამ მაინც ურთიერთმონათესავე დისციპლინებიდან, კერძოდ, ხელოვნებისა და კულტურის სოციოლოგიიდან, ხელოვნებათმოცდნეობიდან, კულტურის კვლევებიდან, ფილოსოფიიდან და, რა თქმა უნდა, კინომცოდნეობიდან.

საზაფხულო სკოლა, რომელიც მოიცავს სასწავლო და პრაქტიკულ კომპონენტებს, გაიმართება 7 დღის განმავლობაში. მის ფარგლებში იმუშავებს 6 პლენარული სექცია:

▪ კინოს თეორია: წარსული და დღეს

▪ კინოენის არსი

▪ კინოკრიტიკის ისტორია

▪ კინოს თეორია ინტერდისციპლინარულ ჭრილში

▪ ქართული კინო დღეს და ახალი გამოწვევები

▪ კინოს სოციალური და პოლიტიკური განზომილება

ყოველ სამუშაო დღეს გაიმართება ორი ლექცია-სემინარი. გარდა ამისა, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღე, ლექცია-სემინარების დასრულების შემდგომ, გაიმართება კინოჩვენება. ჩვენება დასრულდება დისკუსიით. თითოეულ ფილმზე განრიგით შერჩეული 2-3 სტუდენტი მომდევნო დღეს შემოგვთავაზებს ნაჩვენები ფილმის რეცენზიას, რომელიც საჯაროდ გაანალიზდება. ეს ფორმატი კიდევ უფრო გაზრდის დამსწრე სტუდენტების პროექტში ჩართულობასა და ენთუზიაზმს.

სეზონურ სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ:

გოგი გვახარია – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კინომცოდნე, კინოთეორეტიკოსი, კინოკრიტიკოსი, ჟურნალისტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კინომცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი

დინარა მაღლაკელიძე – კინომცოდნე, ჰუმბოლტის უნივერსიტეტის დოქტორი/მეცნიერ-მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; Creative Europe-ის საქართველოს დესკის მედიაპროგრამის კოორდინატორი; ბერლინი

თეო ხატიაშვილი – ხელოვნებათმცოდნე, კინომცოდნე, დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი

ჯოვანი ვიმერკატი – კინომკვლევარი, კინოთეორეტიკოსი. ლონდონის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული; ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის მაგისტრი მედიაკვლევებში. მისი წერილები გამოქვეყნებულია გამოცემებში: The Guardian, Cinema Scope, Sences of Cinema, IndieWire და ა. შ.

არმან ფატიჩი – კინოკრიტიკოსი, კინომცოდნე. მარიბორის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი;  სხვადასხვა დროს ბერლინალეს, ზაგრების, ვარშავის კინოფესტივალების ჟიურის წევრი. მისი წერილები გამოქვეყნებულია FIPRESCI-ში.

ლექციებს წაიკითხავენ აგრეთვე პროექტის ორგანიზატორები:

ნინო მხეიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კინომცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი

ალექსანდრე გაბელია – კინოკრიტიკოსი, კინომცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დოქტორანტი

გიორგი გაბელია – სოციოლოგი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორანტი

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით ყველა უნივერსიტეტის სხვადასხვა სასწავლო საფეხურის სტუდენტებს (მათ შორის სტატუსშეჩერებულ ან აკადემიურ შვებულებაში მყოფ სტუდენტებს), რომლებიც დაინტერესებული არიან კინოკრიტიკით და კინოს შესახებ სამეცნიერო მსჯელობით.


სკოლის თარიღები:  24 ივლისი - 31 ივლისი 
მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (მგზავრობა, განთავსება, კვება) ფარავს ორგანიზატორი მხარე. 

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა არაუმეტეს 18 სტუდენტი-მონაწილე შემდეგი მოთხოვნების საფუძველზე:

  • სამოტივაციო წერილი

  • რეცენზია-სტატია სასურველ ფილმზე ან კინოტენდენციაზე

  • მოკლე რეზიუმე (CV)

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნული ფაილები 15 ივნისის  ჩათვლით გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

summerschoolinfilmstudies@gmail.com

პროექტი დააფინანსა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.

პროექტის ორგანიზატორები: ალექსანდრე გაბელია, გიორგი გაბელია, ნინო მხეიძე

2019 წელი

ბანერები