ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

იოაჰიმ პუეს ილიაუნის პროფესორის წოდება მიენიჭება

ღონისძიებები

10 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში, იოაჰიმ პუეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის წოდება მიენიჭება.

ბატონი იოაჰიმ პუე 2011 წელს ჩამოვიდა საქართველოში და 5 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა უნივერსიტეტთან. DAAD-ის გრძელვადიანი დოცენტურის ხელშეწყობით, ბატონმა პუემ დანერგა და განავითარა უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები ტყის მეცნიერებისა და ტყისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებებით, რომლებიც ამჟამად დიდი პოპულარობით სარგებლობს. 5 წლის განმავლობაში ბატონმა პუემ მოამზადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასზე მეტი სტუდენტი და ხელი შეუწყო წარმატებულ სტუდენტთა სწავლებას საზღვარგარეთ. გერმანიის განვითარების ფონდის (GIZ) დახმარებით, ბატონი პუე ორგანიზებას უწევდა ევროკავშირის საუკეთესო მეცნიერთა პერმანენტულ ვიზიტებს ილიაუნიში; ისინი სტუდენტებს უკითხავდნენ სალექციო კურსებს ისეთ დარგებში, რომლებიც საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო, ბატონ პუე 16 ივნისს ტოვებს საქართველოს და თავის კარიერას გიოტინგენის უნივერსიტეტში (გერმანია) გააგრძელებს, ხოლო მის მიერ გამართულ საუნივერსიტეტო პროგრამას მომავალი სემესტრიდან მისივე კოლეგა უხელმძღვანელებს. იოაჰიმ პუეს მოღვაწეობამ მაღალი შეფასება მიიღო DAAD-ისგან; ერთ-ერთ სამომავლო სამუშაო გეგმად უკვე განიხილება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი (საერთაშორისო) სამაგისტრო პროგრამის განვითარება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი მადლობას უხდის ბატონ იოაჰიმ პუეს მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისთვის და წარმატებას უსურვებს შემდგომ კარიერულ წინსვლაში გერმანიაში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები