ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ინტერაქტიული გამოფენის „სამყარო, ადამიანი, ინტელექტი“ დასკვნითი ღონისძიება

ღონისძიებები

29 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარე ინტერაქტიული გამოფენის „სამყარო, ადამიანი, ინტელექტი“ დახურვის ღონისძიების პარალელურად გაიმართება ამავე სახელწოდების პანელური დისკუსია.

დისკუსიაზე ვიმსჯელებთ გერმანიაზე, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორზე კვლევასა და განვითარებაში, ასევე გერმანული ენის სწავლებისა და ცოდნის უპირატესობებზე გლობალური წარმატებისთვის, როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ (საქართველოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის) კონტექსტში.

ღონისძიება მოიცავს გახსნით ნაწილს, ინტერაქტიულ შემეცნებით თამაშს მოსწავლეებისთვის და პანელურ დისკუსიას.

ღონისძიებას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროგრამების ხელმძღვანელი სუზან რადვანი.

ღონისძიების გახსნის შემდეგ მოსწავლეებისთვის გაიმართება ინტერაქტიული შემეცნებითი თამაში გამოფენის თემატიკაზე. გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომელთაც დააჯილდოებს გოეთეს ინსტიტუტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ღონისძიების დასკვნით ეტაპზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები ფართო აუდიტორიას პანელური დისკუსიის ფორმატში წარუდგენენ უნივერსიტეტში გერმანიის მხარდაჭერით მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროექტებს, საგანმანათლებლო პროგრამებსა და ინიციატივებს.

სამუშაო ენა: გერმანული

დრო: 29 ნოემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია, გ.წერეთლის გამზ. N1

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

 

ბანერები