ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ანგარიში

ღონისძიებები

18 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი ორ ანგარიშს წარადგენს.

ბექა თევდორაშვილი წაიკითხავს მოხსენებას: „კიბორჩხალას ნისლეულიდან მოსული გამოსხივება, თვითფოკუსირება და ექსტრაგალაქტიკური სწრაფი რადიო აფეთქებების ბუნება“.

ბოლო პერიოდში მრავალჯერ დააკვირდნენ კიბორჩხალას ნისლეულიდან მოსულ გამოსხივებას. ითვლება, რომ გამოსხივების მთავარი მექანიზმი ინვერს-კომპტონის გაბნევაა. შესაძლოა ამ გამოსხივებას სხვა მექანიზმებიც ხსნიდეს, კერძოდ, თვითფოკუსირების მექანიზმი არაწრფივ გარემოში ზუსტად ხსნიდეს ჩვენამდე მოსულ გამოსხივებას. ნაშრომი ამ პროცესს განიხილავს და აჩვენებს, რომ თვითფოკუსირება ეფექტური მექანიზმია. საუბარი შეეხება აგრეთვე, როგორ შეიძლება თვითფოკუსირების საფუძველზე აიხსნას შორეული გალაქტიკებიდან მოსული ე.წ., სწრაფი რადიოაფეთქებები – Fast Radio Bursts, FRB.

გიორგი ხომერიკი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „დამუხტული ნაწილაკის მოძრაობა მბრუნავი პულსარის სწორი მაგნიტური ძალწირის გასწვრივ“.

ლექციაზე განხილული იქნება დამუხტული ნაწილაკის რელატივისტური მოძრაობა ძალიან ძლიერ მაგნიტურ ველში, რომელიც მუდმივი სიხშირით ბრუნავს. ველი იმდენად ძლიერია, რომ ნაწილაკი მის ერთ-ერთ ძალწირზეა მიმაგრებული და ცენტრიდანული ძალის მოქმედებით აჩქარდება. ამოცანის რელატივისტურად განხილვისას ვლინდება ცენტრიდანული ძალის არაერთი საინტერესო თვისება. განიხილება მსგავსი ამოცანების შედეგები და იღებენ ახალ, აქამდე უცნობ მოძრაობის განტოლებებს, რომლებიც ავლენს ცენტრიდანული ძალის გავლენით მოძრაობის დამატებით უცნაურ თვისებებს. მიღებული შედეგები გაანალიზდება და ესადაგება რეალურ პულსარებს.


დრო: 18 დეკემბერი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები