ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის თეატრში ახალი სპექტაკლის - „სახურავი“ - პრემიერა გაიმართება

ღონისძიებები

18, 19 და 20 დეკემბერს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრში მიმდინარე წელს რიგით მეხუთე პრემიერა გაიმართება. 

„სახურავი“ თანამედროვე ქართველი დრამატურგის, სანდრო კაკულიას, პიესაა, რომელზეც რეჟისორმა ლევან ხვიჩიამ, მხატვარმა შოთიკო ბაგალიშვილმა და კომპოზიტორმა ნიკა მაჩაიძემ ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად იმუშავეს.

„სახურავი“ დღევანდელი ქართველი ახალგაზრდობის წინაშე მდგარ რამდენიმე პრობლემას ეხმიანება: ტელევიზიაში მომუშავე ახალგაზრდების წრე ხშირად იკრიბება და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გზით ცდილობს გაექცეს რეალობას, საზოგადოებრივ წნეხსა და ოჯახურ პრობლემებს. პიესის გმირებს სამმაგ რეალობაში უხდებათ ცხოვრება – ტელევიზიის მიერ კონსტრუირებულში, ნარკოტიკებით თრობის შედეგად დანახულში და იმ სინამდვილეში, რომელიც მათ, წინა ორის ფონზე, ნელ-ნელა გაურბის.

„სახურავის“ გმირების პრობლემების წინაშე თანამედროვე საქართველოში ნებისმიერი ახალგაზრდა შეიძლება აღმოჩნდეს, თუ პირადად არა, ახლო მეგობრებსა თუ ნაცნობებში მარტივად შეუძლია ამოიცნოს სპექტაკლის გმირების „აჩრდილები“. სპექტაკლი ახალგაზრდებს სცენასა და დარბაზში საშუალებას მისცემს ნათლად და მკაფიოდ აღიქვან მსგავს სიტუაციაში მყოფი ხალხის მდგომარეობა, მათი აზრები, განცდები და დაინახონ, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს კონკრეტულ საქციელს.

ავტორის შესახებ:

ახალგაზრდა დრამატურგი სანდრო კაკულია 1985 წელს თბილისში დაიბადა, მისი პიესებისა და მოთხრობების მიხედვით თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე და ათონელის თეატრში რამდენიმე თეატრალური პროექტი უკვე განხორციელდა, ხოლო მისი პიესა „სახურავი“ ათონელის თეატრში 2008 წელს ნანუკა ხუსკივაძემ დადგა. სანდრო გახლავთ სერიალის - „მზარეულები“ - სცენარისტი და სტუდია „კრეატივის“ პროექტის - „ჩემი ცოლის დაქალები“ - ერთ- ერთი მთავარი როლის შემსრულებელი.

რეჟისორის შესახებ:

ლევან ხვიჩიამ თეატრში მოღვაწეობა მსახიობობით დაიწყო, მოგვიანებით კი მაგისტრატურა რეჟისურის განხრით რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით დაამთავრა. მის დადგმებს შორის აღსანიშნავია რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე განხორციელებული „ჰამლეტი ComX” შექსპირის „ჰამლეტის“ მიხედვით, ასევე ოზურგეთის თეატრში ახლახან დადგმული შექსპირისავე „აურზაური არაფრის გამო“ და თელავის თეარტში განხორციელებული „Espresso”.

სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით.

პრემიერის დრო: 18, 19 და 20 დეკემბერი, 20:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები