ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის თეატრის სეზონის გახსნა

ღონისძიებები

1 ოქტომბერს, 20:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი ახალ 2011-2012 წლების სეზონს გახნის სპექტაკლით „ხარმსი“ (რეჟისორი - ოთარ ეგაძე). ეს წარმოდგენა, აგრეთვე, შესულია თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართულ პროგრამაში.

დანიელ იუვაჩევის ნოველებზე აგებული სპექტაკლი „ხარმსი” თეატრის ფოიეში თამაშდება და ერთგვარი სამაგიდე რეპეტიციის ფორმა აქვს. მსახიობები მხოლოდ სიტყვის მეშვეობით ცდილობენ ჩაწვდნენ ავტორის ჩანაფიქრს და ზუსტად გადმოსცენ სათქმელი. მაყურებლის თვალწინ იქმნება პერსონაჟთა სახეები, ზუსტდება მიზანსცენა. მაყურებელი თითქოს შემთხვევით ხვდება თეატრის მისთვის ჩვეულებრივ დაფარულ სივრცეში და ნელ-ნელა სპექტაკლის შექმნის თანამონაწილედ იქცევა.

ავტორის შესახებ - მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მოღვაწე რუსი მწერალი, პოეტი და დრამატურგი დანიელ იუვაჩევი მრავალი ფსევდონიმით არის ცნობილი - ხარმსი, ჩარმსი, ჰარმსი და ა.შ. 1927 წელს ხარმსმა და მისმა თანამოაზრეებმა კავშირი ОБЭРИУ - „რეალური ხელოვნების გაერთიანება“ შექმნეს, რომელიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული სკანდალური ნაწარმოებებითა და თეატრალური დადგმებით გახდა ცნობილი. 1931 წელს ხარმსი კურსკში გადაასახლეს. პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ კი საგიჟეთში გამოამწყვდიეს, სადაც ის მეორე მსოფლიო ომის ბლოკადის დროს შიმშილით გარდაიცვალა.

ბანერები