ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2023

ღონისძიებები

30 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5) გაიმართება მე-10 საიუბილეო სამეცნიერო პიკნიკი.

პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევათა სახალისო ფორმით წარმოჩენა ნებისმიერი ასაკის ვიზიტორისთვის.

ილიაუნის  მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები საქართველოდან  ღია სივრცეში  საინტერესო ექსპერიმენტებს, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს შემოგთავაზებენ.

ღონისძიების მთავარი სცენა დღის პირველ ნახევარში  სამეცნიერო თემატიკაზე შექმნილ ვიდეორგოლებსა და წარმოდგენებს დაეთმობა, მათ შორის აზოტის აფეთქებებსა და ამოფრქვევებს; პოლონეთის საელჩო საქართველოში გამართავს  სახალისო ვიქტორინას, პოლონური ენის სწავლების მოკლე კურსს და სხვა.

უფროსკლასელებისთვის ტექნოლოგიებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ გაიმართება შეხვედრები და ლექციები. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის მოწყობილ STEAM სათამაშო მოედანზე  გაგაცნობთ ტექნოლოგიების მიმართულების თანამედროვე მიღწევებს; ჩატარდება მასტერკლასები და სახალისო სამეცნიერო აქტივობები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, სამეცნიერო პიკნიკით  დაინტერესებულ პირებს სთავაზობს დრონების ვორკშოპს.

სამეცნიერო პიკნიკი წელსაც გააგრძელებს გაერთიანებული ერების მიერ 2015 წლის 25 სექტემბერს შემუშავებული პროექტის – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“ მხარდაჭერას. (აღნიშნული პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.ungeorgia.ge).

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ემსახურება მდგრადი განვითარების 17 -დან მე-4 მიზნის - „ხარისხიანი განათლება: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის“”შესრულებას.

დრო: 30 სექტემბერი 12:00- – 17:00 სთ.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5)

სამეცნიერო პიკნიკის დასრულების შემდეგ, ღონისძიების მთავარ სცენაზე ტრადიციულად წელსაც დავაჯილდოებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებულ პირველკურსელებს.  დასასრულს, მთავარ სცენაზე გაიმართება პირველკურსელთა მიღების ცერემონია 

2023

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები