ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორიის“ ანგარიში

ღონისძიებები

18 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“ ორ ანგარიშს წარადგენს.

პროფესორი ნატო დარჩია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მოზარდებში თავის ტვინის მომწიფების პროცესის ელექტროფიზიოლოგიური ინდექსი“.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) ფართოდ განიხილება, როგორც თავის ტვინის მომწიფების პროცესის შენელებასთან დაკავშირებული დარღვევა. ამ მოსაზრების ყველაზე მყარი მტკიცებულება ეფუძნება სტრუქტურულ მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევებს. დღემდე არ არის დადგენილი, ADHD-ს მქონე ბავშვებში ტვინის მომწიფების პროცესის შენელება აისახება თუ არა თავის ტვინის ელექტროფიზიოლოგიურ მაჩვენებლებზე. დაგროვდა მეცნიერული მტკიცებულებები, რომელთა თანახმად ძილის ელექტროენცეფალოგრამული (ეეგ) მატურაციული ცვლილებები თავის ტვინის მომწიფების პროცესის ყველაზე მარტივად საზომ ელექტროფიზიოლოგიურ კომპონენტს წარმოადგენს. შესაბამისად, ADHD-ს მქონე ბავშვებში ტვინის მომწიფების სახეცვლილი პროცესის ჰიპოთეზის ტესტირებისთვის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოყენეს ძილის ეეგ, როგორც ელექტროფიზიოლოგიური მარკერი. კვლევამ აჩვენა, რომ ძილის ეეგ-ს სპექტრული მაჩვენებლები 0.3 30 ჰც ფარგლებში არ განსხვავდება ADHD-ს მქონე ბავშვებსა და საკონტროლო ჯგუფს შორის. თუმცა აღინიშნა უმნიშვნელო განსხვავება ძილის ციკლების გასწვრივ დელტა სიმძლავრის კლების პატერნს შორის.

ასისტენტ-მკვლევრები – თენგიზ ონიანი და თამარ შეთეკაური წარდგებიან მოხსენებით: „ძილის გავლენა არასრულად დასწავლილი აქტიური განრიდების ამოცანის გახსენებაზე ვირთაგვებში“

ძილისა და მეხსიერების ურთიერთკავშირის კვლევა, კერძოდ, მეხსიერების კვალის კონსოლიდაციის პროცესში ძილის როლის განსაზღვრა, თანამედროვე ნეირომეცნიერების აქტუალური პრობლემაა. ამ თვალსაზრისით

ილიაუნის მეცნიერთა საკვლევ პრობლემას წარმოადგენდა ვირთაგვებში ძილის ნაწილობრივი და სრული დეპრივაციის დროს კამინის ეფექტის გამოვლინების მახასიათებლების შესწავლა. ვირთაგვების მეხსიერების დონის შესასწავლად გამოიყენებოდა აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლის მოდელი, ხოლო ძილის ნაწილობრივი და სრული დეპრივაცია მიმდინარეობდა ნაზი შეხების მეთოდის გამოყენებით. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ კამინის ეფექტის საშუალო დაყოვნებითი ინტერვალებისას (0.5 სთ; 1 სთ; 1.5 სთ) არსებობს უარყოფითი კორელაცია დასწავლის სეანსის შემდგომი ძილის ხანგრძლივობასა და ხელახლა დასწავლის სეანსში ვირთაგვის მიერ მიღწეულ განრიდებათა რაოდენობას შორის, ასეთი უარყოფითი კორელაცია არ გამოვლინდა ხანგრძლივი დაყოვნებითი ინტერვალებისას (2 სთ; 3 სთ; 6 სთ). შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ დაყოვნებითი ინტერვალებისას ვირთაგვების მოსვენების მდგომარეობის ჩანაცვლება იძულებითი ღვიძილით აუმჯობესებს არასრულად დასწავლილი აქტიური განრიდების ამოცანის გახსენებას.


დრო: 18 დეკემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები